იმ დროს, როდესაც ბარში ჯერ
ისევ შემოდგომის სურნელი ტრიალებდა, სოფელ ცედანის გარშემო ტყე თოვლის
საფარმა მოიცვა. დასახლება იმ სოფლის, წაბლოვანას გვერდით მდებარეობს,
რომელსაც წინა რეპორტაჟში გიყვებოდით. ოღონდ, დასახლება მდინარე
ტილიანას ხეობის უფრო ღრმა სივრცეში იკარგება.
ის თითქმის არ ჩანს არც გზიდან, არც სოფელ წაბლოვანად და ა.შ.
დასახლება სამი მხრიდან მთებითაა შემოსაზღვრული.
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან, რომ იგი ამ სოფლიდანაა წარმოშობით, აგიხსნიან, რომ
ის ცედნიდანაა, ან ცედნის მკვიდრია; და არა ცედანიდანაა ან
ცედანისაა.
გეოგრაფიული სახელწოდების ასეთი ფორმით შეკუმშვის ახსნა არ გვიცდია.
უბრალოდ, დაგვაინტერესა, რატომ ჰქვია ამ სოფელს ,,ცედანი’’, რაც თავის
მხრივ ასოციაციას იწვევს სიტყვა ,,ცვედანთან’’, რაც ქართული
ლექსიკონის მიხედვით, ,,დაკოდილთან’’ ასოცირდება.
ჩვენმა მიგნებამ გაამართლა, სწორედ, ამ სიტყვას უკავშირდება სოფლის
სახელწოდება, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
შევედით სოფელ ცედანში, მაგრამ ვატყობთ, რომ დასახლება ძალიან
გრძელია. ერთი სახლის შემდეგ მომდევნო სახლი საკმაოდ შორ მანძილზე
მდებარეობს. გზა მოსახრეშია. ნალექიან ამინდების დროს, გავლა
შეუძლებელიაო, გვიყვებიან ადგილობრივები. როგორც იქნა სოფლის ცენტრი
გამოჩნდა, სადაც მოსაცდელია გაკეთებული.
ისე აღმოვჩნდით ცენტრში, ადამიანი არ შეგვხვედრია. მოსაცდელიდან გზა
ორი მიმართულებით მიდის. ერთი პატარა მდინარის ღელეს მიუყვება, მეორე
აღმართზე ადის. აღმართზე ბეტონის გზაა დაგებული. სიგანე ვიწროა, იქ
მხოლოდ ერთი პატარა მანქანა გავლის. აღმართზე რომ შემხვედრი
ტრანსპორტი შეგვხვდეს, მაშინ ერთ-ერთ მათგანს უკან დახევა მოუწევს.
თუმცა, იმ იმედით, რომ სოფელში თითქმის არავინაა და არც არავინ
შეგვხვდება, თამამად ავუყევით აღმართს.
გავიარეთ ეს აღმართიც და მივადექით ღია სივრცეს, რომელსაც ალბათ
სკვერს უწოდებენ. დგას ერთი მუხა, გაკეთებულია ონკანი, საიდანაც
წყაროს წყალი მოდის, მუხის ქვეშ სკამია, რომლის გარშემოც ტალახია. ორ
ნაბიჯში ტყე იწყება. ტერიტორია ოდნავ გავაკებულია და სახლებიც ბევრია,
ძირითადად ძველი სახლები, თანაც დაკეტილი. აქვე მეორე მოსაცდელი
დაგვხვდა.
რამდენიმე წუთი ვიტრიალეთ სკვერის გარშემო. საიდანღაც ხმა მოგვესმა.
მამაკაცები საუბრობდნენ. ერთ პატარა ჩიხში შევედით და მივადექით
სახლს, სადაც ორი მუშა მუშაობდა. ძველი სახლის ადგილზე ახალ კედლებს
აშენებდნენ:
,,ჩვენ მუშები ვართ, ხაშურიდა. სახლის პატრონი აქ არ არის. არის
რამდენიმე ოჯახი, ვინც აქ ცხოვრობს, აგერ იმ გზას ჩაუყევით და
დაუძახეთ’’ - გვითხრეს მუშებმა.
რაკი გვითხრეს, რომ სოფელში ცხოვრობენ, ახლა უკვე ასეთი ოჯახების
პოვნა ვცადეთ.
ზამთარში ადვილია ასეთი ოჯახების პოვნა. თუ დაინახავ, რომ სახლიდან
კვამლი ამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელში ვიღაც ცხოვრობს. რაკი
ჯერ ისევ შემოდგომა იყო, სახლებიდან კვამლი არ ამოდიოდა.
ამ ძებნაში ერთ-ერთი სახლის ჭიშკრიდან ცოლ-ქმარი გამოვიდა. ქალს ვედრო
ეკავა ხელთ, მეუღლეს თოხი. გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ნაკვეთში
შევიდნენ. შემოდგომით, მიწა დაუბარიათ და ახლა ხახვს თესავდნენ, რომ
ადრიან გაზაფხულზე ამოვიდეს:
სოფელი ცედანი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
2014 წლის მონაცემებით სოფელში 59 ადამიანი ცხოვრობს.
სოფელი რთულ წარსულს ინახავს. ეკლესიური ჩანაწერების თანახმად, სოფელი
დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო, იმის შემდეგ რაც თავდასხმისას
სოფლის მაცხოვრებელი კაცები მტერმა დაკოდა, ხოლო ქალები და ბავშვები
ტყვედ წაიყვანა, აქედან მოდის სოფლის სახელიც - ცვედანი, რაც
ისლამურად დაკოდილს ნიშნავს.
1860 წლიდან, ქვეყანაში რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაყვანის დროს,
სოფელში ახალი მაცხოვრებლები გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
სოფლის დღევანდელი მაცხოვრებლები დაკავებული არიან მიწათმოქმედებით,
მათ მოყავთ სიმინდი და ხორბალი. მარინა ციხელაშვილი “ეს სოფელი არც
მშიერს დაგტოვებს და არც მოკლავს კაცს.” ამბობს მარინა ციხელაშვილი,
ერთ-ერთი მაცხვორებელი. თუმცა სოფლის მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ
საჭირო ტექნიკა და ფინანსური რესურსი, რომ სათანადოდ მოუარონ
მიწას.
ამის გარდა, სოფელს სხვა რიგი პრობლემებიც აწუხებს, იქნება ეს
უგზოობა, უწყლობა, თუ საცხოვრებლად საჭირო ინფრასტრუქტურის არ
არსებობა. “ახლა უკვე დაცლილია სოფელი, სადაც სამსახური იშოვეს ზოგი
იქით არის წასული, ზოგი აქეთ.” ამბობს ნაილი გოგალაძე, მის თანახმად
ახალგაზრდობასაც უწევს სოფლის დატოვება განათლების მისაღებად,
ვინაიდან სოფელს არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ცედანის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მარინა გოგალაძის თქმით მცდელობა, რომ
სოფელი წყლით, ან გზით უზრუნველიყოს, წარმატებულად ვერ სრულდება.
“გამოიყვანეს წყალი, ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან, მაგრამ
ყველასთვის არ არის საკმარისი.” ერთადერთი დრო როდესაც, წყალი უხვად
მოდის, არის როდესაც სოფელში ნალექიანი ამინდია, თუმცა ამ დროს წყალი
დაბინძურებულია და გამოუსადეგარია საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
გაიგეთ მეტი სოფელ ცედანსა და მის მაცხოვრებლებზე ქართლი.ჯის ვიდეოში
სტატიის გამოყენების პირობები