ახალი ამბები
ხაშურის მერიის ბიუჯეტიდან თანხები ჩაერიცხათ არაიდენტიფიცირებულ პირებს - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, ხაშურის მერიის ბიუჯეტიდან სახელფასო თანხები ჩაერიცხათ ისეთ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტებთან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნიათ.

აუდიტის დასკვნაში, რომელსაც 7 ექსპერტი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ვერ მოხერხდა 44 საბანკო ანგარიშის მფლობელის ვინაობის გარკვევა, სადაც თითქმის 250 000 ლარია ჩარიცხული. აღნიშნული ანგარიშები 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, გაუქმებულია. ხოლო თანხების ჩარიცხვა მოხდა 2022-2023 წლებში.

სახელმწიფო აუდიტმა ხაშურის მერიის საბიუჯეტო პროცესი 2024 წლის ზაფხულში შეამოწმა. დასკვნა 2024 წლის 6 სექტემბერს მომზადდა. ხაშურის მერიას კი 2024 წლის 6 ნოემბერს გაუგზავნეს.

ერთი თვის შემდეგ, 2024 წლის 5 დეკემბერს, ხაშურის საკრებულოს სხდომაზე აუდიტის დასკვნა ცნობის სახით მიიღეს. სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომას მხოლოდ ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენლები ესწრებოდნენ და საკუთარი მოსაზრება არ გამოუთქვამთ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მერიის საფინანსო-სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა მაჭარაშვილმა აცნობა, რომ გადარიცხვები კანონის ფარგლებში მოხდა. კერძოდ, ხელფასები, მერიის თანამშრომლების სურვილით, სხვა გარეშე პირებს მინდობილობით ჩაერიცხათ.

ხაშურის მერიის საფინანსო-სამსახურის უფროსი თავის წერილში არაფერს ამბობს აუდიტის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია იმ თანხებზე, რომლის მიმღებ პირთა ვინაობის დადგენა შეუძლებელი გახდა.

მერიის საფინანსო - სამსახურის უფროსი ლელა მაჭარაშვილი დაგვპირდა, რომ აუდიტის დასკვნის თაობაზე, ინტერვიუს მოგვცემს.

რას წერს აუდიტი:

2022-2023 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტში ფულადი ტრანზაქციები შესრულებულია ისეთ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც არ ეკუთვნოდათ სახაზინო მონაცემებში მითითებულ მიმღებ პირებს.

პასუხისმგებელი პირების განმარტებით, დასაქმებულებმა ითხოვეს საკუთარი ხელფასი ჩარიცხულიყო თანამშრომლის /მინდობილი პირის ანგარიშზე.

გარდა ამისა, 249 663 ლარის ტრანზაქციები შესრულებულია ისეთ საბანკო 44 ანგარიშზე, რომელიც 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით გაუქმებულია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის ფარგლებში ვერ მოხერხდა მათი იდენტიფიცირება.

,,ვინაიდან აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა საბანკო ანგარიშებზე თანხების არამართლზომიერი გადარიცხვების ფაქტები , დახურულ ანგარიშებთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს რისკის შემცველი გარემოებები.'' - წერს სახელმწიფო აუდიტი.

მათი შეფასებით, მუნიციპალიტეტებში დანერგილმა საბიუჯეტო პროცესის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემებმა ვერ უზრუნველყვეს ხანგრძლივ პერიოდში არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე საბიუჯეტო რესურსების არამართლზომიერი ხარჯვის გამოვლენა და თავიდან
აცილება.

,,აღნიშნული მათ არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს. გარდა ამისა, აუდიტის შეფასებით, მუნიციპალიტეტების მიერ არაიდენტიფიცირებულ პირთა ანგარიშზე თნხების გადარიცხვის მართლზომიერება რისკის შემცველია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები