ახალი ამბები
აუდიტის ცნობით, ქარელის მერიიდან 103 300 ლარი გადაირიცხა იმ კომპანიაზე, რომელსაც თანხა არ ეკუთვნოდა
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ქარელის მერიიდან 103 300 ლარი გადაირიცხა იმ კომპანიაზე, რომელსაც თანხა არ ეკუთვნოდა.

ამის შესახებ წერილობითი დასკვნა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის ნოემბერში გაუგზავნეს.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტერმა გვითხრა, საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტს პასუხი გაუგზავნეს, თუმცა დასკვნაში მაინც ისე წერია, როგორც თავდაპირველ ვერსიაში იყო:

,,ჩვენ გავუგზავნეთ აუდიტს პასუხი, რომ კომპანიას შეეშალა ანგარიშის ნომერი, სხვა ანგარიში მოგვცა. შემდეგ გასწორდა ეს ანგარიში, მეტი არაფერი მომხდარა'' - გვითხრა ბუღალტერმა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ტრანზაქცია განხორციელებულია 2-ჯერ, თანაც სხვა კომპანიაზე:

,,ქარელის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც მერიასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებაში, მიმწოდებელს მითითებული ჰქონდა სხვა კომპანიის საბანკო ანგარიში. ხაზინის ამონაწერის თანახმად, მერიის მიერ 2022 წელს განხორციელდა 2 ტრანზაქცია და ჯამში გადაირიცხა 103.3 ათასი ლარი, იმ კომპანიაზე, რომელიც არ იმყოფებოდა სამართლებრივ ურთიერთობაში მუნიციპალიტეტთან.'' - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

საკითხით დაინტერესების შემდეგ, ქარელის მერიაში განგვიმარტეს, რომ ეს ამბავი უკავშირდება კომპანია ,,თექ ჰაივეის'', რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლების ჭაბურღილების მშენებლობას ახორციელებდა. კერძოდ, სოფლებში: საღოლაშენი, თამარაშენი და ხვედურეთი.

სამივე ტენდერში მითითებულია, რომ ვალდებულებები შეუსრულებელია.

დაუბრუნდა თუ არა უკან მერიას გადარიცხული თანხა, ამ ეტაპზე უცნობია. ქარელის მერიაში გვითხრეს, რომ ზოგადად, შეუსრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, კერძოდ, პირგასამტეხელოს დაკისრების კუთხით, ,,თექ ჰაივეისთან'' სასამართლო დავა მიმდინარეობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ხელშეკრულებებში ,,თექ ჰაივეის'' მითითებული აქვს სხვადასხვა ანგარიშები: საღოლაშენისა და თამარაშენის ჭაბურღილების მშენებლობაზე საქართველოს ბანკის ანგარიში, ხოლო ხვედურეთის პროექტზე - ტერაბანკის ანგარიში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები