ახალი ამბები
,,თუ ასე გააგრძელებთ, ადევნების მუხლით გიჩივლებთ'' - მერიის მაღალჩინოსნის მუქარა ჟურნალისტის წინააღმდეგ
,,თუ ასე გააგრძელებთ, ადევნების მუხლით გიჩივლებთ'' - განუცხადა ხაშურის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით ღვალაძემ ,,ქართლის ამბების'' ჟურნალისტს.

ეს სიტყვები მერიის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტს, შენობის პირველ სართულზე, სათვალთვალო კამერის წინ უთხრა. ჟურნალისტი ამ დროს შენობას ტოვებდა, იურიდიული სამსახურის უფროსი კი ლიფტს ელოდებოდა.

იურიდიული სამსახურის უფროსი გაღიზიანებული იყო იმ ფაქტით, რომ ჟურნალისტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით დაინტერესდა, სადაც საუბარია, აიპების იმ თანამშრომლებზე, რომელთაც თანხა სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ჩაერიცხა..

,,გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში ზოგიერთი დასაქმებულის ფუნქცია მოვალეობები არ არის კონკრეტული, ან ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა არ დადასტურდა. კერძოდ: დოკუმენტური მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილია(ა)იპ " ხაშურის მუნიციპალიტეტის წყლისა და გამწვანების კომპანიაში" − 1 სპეციალისტის; ა(ა)იპ − " ხაშურსერვისში " − 3 სპეციალისტის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ.'' - წერიოა დასკვნაში.

,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში. კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე. თითქმის ყველა სამსახურის უფროსთან ვცადე შეხვედრა, ვინც კი ნახსენები იყო დასკვნაში. როდესაც შენობას ვტოვებდი, ფოიეში დავით ღვალაძე და მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე შემხვდნენ. ისინი გარედან შემოვიდნენ. დავით ღვალაძემ მითხრა, რომ თუ ასე გავაგრძელებდი სიარულს, ადევნების მუხლით მიჩივლებდა. მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო მუქარა, რადგან აღარ შემესრულებინა ჩემი პროფესიული მოვალეობა - ანუ აღარ დამესვა კითხვები. როგორც კი კამერის ჩართვა დავაპირე, აღარ დაელოდა ლიფტს და კიბეებით ავიდა ზემოთ სართულზე. ეს ჩვენი დიალოგი შედგა იმ ადგილას, რომლის თავზეც სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ვეცდები ეს კადრები მოვიპოვო'' - ამბობს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.



მომდევნო დღეს ჟურნალსტი კვლავ შეეცადა შეხვედრას იურიდიული სამსახურის უფროსთან.

,,მეორე დღეს შევძელი იმ სართულზე ასვლა, სადაც იურისიული სამსახურია განთავსებული. დავით ღვალაძეს საკუთარი კაბინეტში დავუსვი კითხვა, თუ რას ნიშნავდა ადევნების მუხლით ჩივილი. ადევნების მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას. მაინტერესებდა, ნიშნავს თუ არა ადევნებას კითხვების დასმა მერიის მაღალჩინოსნისთვის, მით უმეტეს, სადაც საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და გაუმჭვირვალობაზე'' - აცხადებს საბა წიწიკაშვილი.




მესამე დღეს ხაშურის მერიიდან ჟურნალისტს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ინტერვიუსთვის მზად იყო საფინანსო სამსახურის უფროსი. აიპ ,,ხაშურისერვისისა'' და ,,წყლის სამსახურის'' თანამშრომლებთან გადარიცხულ თანხებზე მან განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს, თუ რატომ არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები კონკრეტულ პირებთან.

,,შეიძლება ვინმე არ აფიქსირებდეს დოკუმენტურად საქმიანობას, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იმას საქმე არა აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავაანალიზებთ სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და გვინდა ისეთი სტრუქტურა შევიმუშაოთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რაც აუდიტის სამსახურიდან მოგვცეს'' - გვითხრა საფინანსო-სამსახურის უფროსმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები