ახალი ამბები
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურამ სატყეო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა
შიდა ქართლის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით, სახელმწიფო მოხელე დააკავა.

დაკავებულს გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 12 მარტს შეუფარდა.

ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა, რომელიც პროკურორად ცოტა ხნის წინ მუშაობდა, კომენტარისგან თავი შეიკავა.

პროკურორ ნინო ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდებული ეროვნულ სატყეო სააგენტოში მუშაობდა. სატყეო სააგენტოს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ დაკავებული პიროვნება მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის უფრო მეტყევე იყო და რანგით სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას უტოლდება.

პროკურატურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი შეგვპირდა, რომ საქმის გარემოებების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოგვაწვდის.

რაც შეეხება მუხლებს:

332-ე მუხლის პირველი ნაწილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


337-ე მუხლი - სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ანდა, კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობა, თუ ეს დაკავშირებულია მისთვის უკანონო შეღავათის ან უპირატესობის დაწესებასთან ან მის სხვა ფორმით მფარველობასთან, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

341-ე მუხლი - სამსახურებრივი სიყალბე

ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები