საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი ბერიძე გორის
რაიონში 1937 წლის ზაფხულში იმყოფებოდა. მან ბერიას სახელზე მოამზადა
ანგარიში, რომელიც 1937 წლის 13 ივნისით თარიღდება. ეს დოკუმენტი
შსს-მ 2015 წელს გამოაქვეყნა.
ბერიძის ანგარიშის მიხედვით, გორის რაიონის ათეულობით სოფელში
კოლმეურნეობების მუშაობა ჩავარდნილია, ხალხი არ გადის სამუშაოდ,
ბერიასადმი შედგენილ ანგარიშში სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი
კონკრეტულ პირებს აკისრებს პასუხისმგებლობას და მათ
კონტრრევოლუციონერ-ტროცკისტებად და მენშევიკებად მოიხსენიებს.
,,მენშევიკების’’ მმართველობიდან კი თითქმის 15 წელია გასული.
ამ ანგარიშის მიხედვით, გლეხები არ კითხულობენ გაზეთებს, არ იციან, რა
ხდება ქვეყანაში; არ იციან, რომ ტროცკისტებს სახელმწიფო დანაშაულში
ედებათ ბრალი და მათ ასამართლებენ.
რაკი გლეხებს ტროცკისტების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, სოფლის
მეურნეობის სახალხო კომისარი მ. ბერიძე, ე.წ. დამნაშავე პირებს
ძირითადად ,,მენშევიკებად’’ მოიხსენიებს.
ვნახოთ, რა ხდებოდა ტყვიავში
1936-37 წწ-ში
,,ზემო ტყვიავის კოლმეურნეობაში დალპა 11 760 კგ ვაშლი, ხილის
გადამუშავებით მიღებული არაყი შემოსავალში არ აიღეს და კოლმეურნეობის
თავმჯდომარის განცხადებით, „ბრიგადებში დალიეს”.
ტყვიავის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამხ. ბესტავაშვილი ნათესების
დამუშავების პერიოდში კოლმეურნეობის კანტორის წინ თავმოყრილ
კოლმეურნეებს სთხოვდა, სიმინდის გასამარგლად წასულიყვნენ.
ყოფილმა ვაჭარმა, ამჟამად კოლმეურნეობის წევრმა სტეფანე მერაბიშვილმა,
რომელიც გამუდმებით დეზერტირობს, თავმჯდომარეს უპასუხა, გამოვიდეს
ყველა კარგად ჩაცმული საბჭოთა მოსამსახურე და მაშინ ჩვენც
გამოვალთო”.
ასევე, შაქრო კაპანაძე, ამავე კოლმეურნეობის წევრი, ყოფილი მენშევიკი
– გვარდიელი, რომელიც 1935 წელს სახელმწიფო ვალდებულების საბოტაჟის
გამო სამართალში იყო მიცემული და დეზერტირობს კოლმეურნეობაში,
სამუშაოზე გასვლის დროს, ბრიგადაში აგიტაციას ეწევან -
„რა გამოდის, ჩვენ ვმუშაობთ, სხვები ჭამენ,
რატომ უნდა ვიმუშაოთო”.
განკულაკებული შაქრო ბაშარული, რომელიც კოლმეურნეობაში თითქმის არ
მუშაობს, სისტემატურად მოგზაურობს და ხილით ვაჭრობს ბაქოსა და
ბათუმში, როდესაც ხედავს საკოლმეურნეო სამუშაოზე ქალებს,
ლანძღავს.
ტყვიავის კოლმეურნეობაში საერთო კრებაზე დაისვა კოლმეურნეთა
პასუხიგებაში მიცემის საკითხი, რომლებმაც თვითნებურად დათესეს
საკოლმეურნეო მასივზე. საწინააღმდეგო ხმა მხოლოდ ერთმა მენშევიკმა –
შაქრო კაპანაძემ მისცა და თავისი აზრი ასე დაასაბუთა -
„თუ ყველას
გავასამართლებთ, ვინღა დარჩება
კოლმეურნეობაში, ჩემი აზრით, ეს დიდი
ცოდვაა”.
ამავე კოლმეურნეობაში ყოფილმა მენშევიკმა კომისარმა, ყოფილმა
გვარდიელმა, 1930 წლიდან კოლმეურნემ, ალექსი გიგუაშვილმა რაიაღმასკომს
საკარმიდამო ბაღის 1 ჰა-მდე შევსება სთხოვა მის მიერ კოლმეურნეობაში
შესვლის დროს ჩამორთმეული ბაღიდან. მას შემდეგ კი, რაც უარი უთხრეს,
ეს პროვოკაციული აგიტაციისთვის გამოიყენა – „ეს რა კანონია, რა
ტყუილებია, ძველ კოლმეურნეებს მხოლოდ 0,25ჰა-ს უტოვებენ, ხოლო ახლებს
– 1 ჰა-ს” – ხმამაღლა აცხადებს და ამატებს –
„გლეხებს საერთოდ არაფერს ეკითხებიან. თუ
გლეხის ძროხაზე იტყვიან, ძროხა კი არა, ცხვარიაო, უნდა
დათანხმდე”.
ამ დრომდე არ არის განხილული ტყვიავის კოლმეურნეობის ყოფილი
თავმჯდომარის საქმე, რომელიც მოხსნილია გაფლანგვისა და სხვა
ბრალდებების გამო – იგი ისევ კოლმეურნეობაშია და კოლმეურნეობის ახალი
ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაჯგუფებებს აწყობს.
ზემო ტყვიავის კოლმეურნეობის გამგეობაში შესული 32 განცხადება
თებერვლის თვიდან ჯერაც არ განხილულა და რეაგირების გარეშეა მაშინ,
როდესაც ისინი ისეთ არსებით მომენტებს შეიცავს, როგორებიცაა ცალკეული
კოლმეურნეების მხრიდან საკოლმეურნეო ბაღების დაზიანება; ჯგუფხელების
განცხადებები, რომ ბრიგადირი თვეზე მეტი არ ჩანს, ხოლო მათი ყოფილი
ბრიგადირი, გვარდიის შტაბის ყოფილი მენშევიკი მიშა კორინთელი ხელს
უშლის ბრიგადის მუშაობას. მან გამგეობის ნებართვის გარეშე შექმნა
ბრიგადა და გაემგზავრა თბილისში; ან ბრიგადირ ელბაქიძის არაერთი
განცხადება იმის შესახებ, რომ „ბრიგადის წევრი ზოგი ერთი კოლმეურნე
ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას და თუ მათ მიმართ არ იქნა მიღე ბული
ზომები, გთხოვთ, გამათავისუფლოთ” და სხვა, მსგავსი განცხადებები.’’ -
ციტატის
დასასრული.
სტატიის გამოყენების პირობები