სასამართლომ, სულ მცირე, 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა მოქალაქეს,
რომელმაც ქალის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ცრუ ინფორმაცია
გაავრცელა. საქმე ჯერ გორის სასამართლომ განიხილა, შემდეგ -
სააპელაციო სასამართლომ.
დაზარალებული ქალი მორალური ზიანის სახით შესაბამის ჯარიმას ითხოვდა.
თავდაპირველად, გორის სასამართლომ 5-ათას ლარიანი ჯარიმის
გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო სასამართლომ კი ჯარიმის თანხა 3
ათას ლარამდე შეამცირა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით,
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
საქმე იმაშია, რომ შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში, მამაკაცს დაფარული
ნომრით დაურეკეს და აცნობეს, რომ მას მეუღლე ღალატობდა. ამ სატელეფონო
ზარის შემდეგ მეუღლეები განქორწინდნენ. ისინი წლებია ერთად
ცხოვრობდნენ და რამდენიმე შვილი ჰყავთ.
ამ ცრუ სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, დაზარალებულმა ქალმა ნომრის
მფლობელის ვინაობა დაადგინა და შიდა ქართლის ერთ-ერთ სამმართველოში
საჩივარიც შეიტანა. პოლიციელებმა ტელეფონის მფლობელი დაკითხეს,
რომელმაც უარყო დარეკვის ფაქტი და აღნიშნა, რომ მისი ტელეფონით სხვამ
ისარგებლა.
საბოლოოდ, დადგინეს იმ პიროვნების ვინაობა, ვინც დაფარული ნომრით
დაურეკა დაზარალებულის მეუღლეს, მან გამოძიებას განუცხადა, რომ ნომერი
შეეშალა, სხვასთან რეკავდა, ხოლო დაზარალებულის მეუღლესთან მსგავსი
საუბრის შინაარსი უარყო.
როგორც დაზარალებული მოქალაქე უთითებს სარჩელში, ამ ცრუ ზარის შემდეგ
უდიდესი ზიანი მიადგა როგორც ოჯახში, ასევე სანათესაოში, სამეგობროში
და ზოგადად ცხოვრებაში. ეს ზიანი სასამართლომ 3 ათასი ლარით შეაფასა.
სტატიის გამოყენების პირობები