ახალი ამბები
,,29 მარტი რომ ახლოვდება, ხმა მეკარგება’’ - მანია ფეიქრიშვილი
ქარელის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ბადრი ჯიოშვილის მშობლები, რომ იტყვიან, გულში ჩაიხუტა წეროვანმა, ხეობელებთან ერთად საკუთარი ახლობელივით თანაუგრძნეს ახალგორიდან დევნილმა მეზობლებმა და მხარში ამოუდგნენ...

,,რაც უფრო ახლოვდება 29 რიცხვი, ხმა უფრო მეკარგება’’ - გვეუბნება მანია ფეიქრიშვილი, ბადრის დედა. ნერვიულობს იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში, შვილის საფლავზე გადის. სასაფლაო წეროვნიდან ძალიან შორს, სოფელ ქანდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სახლიდან ისე შორსაა სასაფლაო, რომ წელიწადში შეიძლება ერთი-ორჯერ მოახერხოს გასვლა.

ბადრი 2009 წლის 29 მარტს დაიღუპა. სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლები ნაღმზე აფეთქდნენ. ბადრის ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, დანარჩენები გადარჩნენ.



უფროსი შვილი 11 თვის იყო, უმცროსი კი ბადრის დაღუპვიდან 40 დღეში დაიბადა. მასაც ბადრი დაარქვეს. ახლა მანიას შვილიშვილები გერმანიაში არიან. ბებო და შვილიშვილები ერთმანეთს ტელეფონით და ინტერნეტით თუ ესაუბრებიან:

,,აქ რუტინული ცხოვრებაა, ბებო, თუმცა დედაც, მეც და ჩემი ძმაც ყველაფერს თავს ვართმევთ. გერმანულად უკვე ისე ვლაპარაკობთ, ქართველები რომ ვართ, ესენი ვეღარც გვამჩნევენ. ფოტოსურათებზე ჩემ ძმას ნათესავები ხშირად ასეთ კომენტარებს უწერენ, - ზედგამოჭრილი მამა ხარო, რაც ყველას გულს გვიხარებს... 29 მარტი მძულს, რადგან სამშობლოს სადარაჯოზე მყოფი მამაჩვენი მტრის ნაღმმა სწორედ მაგ დღეს იმსხვერპლა. სხვა რა გზაა, - სანთელს სახლში დავუნთებთ და ალბათ ზაფხულში ჩამოვალთ. მოკითხვა ყველას, ვისაც ვახსოვართ. შენი მარი...“ _ სულმოუთქმელად ჩაიკითხა მანია ფეიქრიშვილმა მონატრებული შვილიშვილის მიერ გამოგზავნილი სმს...



ასე, ამ გზით ეკონტაქტება 70 წელს გადაცილებული ქალი შვილიშვილებს - მარი ახლა 17 წლისაა. ბადრი კი უკვე 16 წლისაა. დედასთან - ქეთი კოდიაშვილთან ერთად ორივე საზღვარგარეთაა.

ცხოვრებისეული ტრაგედიის გამო გულდამძიმებული მანია კორსიზსა და ვალერიანს რომ მოიმარჯვებს, მობილურთან გადაინაცვლებს და დიდხანს ჩასცქერის. ასე, შვილთან და შვილიშვილებთან დაკონტაქტებით ინარჩუნებს სიცოცხლეს.

პასუხად რამე გულთბილს დღესვე მიწერს, აბა, უპასუხოდ რას დატოვებს გოგოს...



- მანოონ... აი, ეს ორი სკამი მოვიტანე და ზოგს მერე შემოგაშველებთ... მაზლი, რძალი, მულები, მათი შვილები, შვილიშვილები ... რა ვიცი, იმდენნი ჩამოთვალეთ, რო თქვენი სკამები რას გეყოფათ... _ კოტეჯში მყოფთ კარის მეზობელი ცირა შემოუერთდა.

დრო და დრო მანიას მეუღლე, ჯებო ჯიოშვილი ჩაერთვება საუბარში. მან გულის ოპერაცია ორჯერ გაიკეთა. ახლა საავადმყოფოში სიარული უწევს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მუდმივ კონტროლს გადის:

,,ხვალაც უნდა წავიდეთ ექიმთან, რომ შემამოწმონ, მესამედაც რომ არ გახდეს ოპერაცია საჭირო'' - გვეუბნება ოდნავ ხუმრობით ბატონი ჯებო (ჯუმბერი). იგი საკუთარი სიძლიერითაც კი გაოცებულია, რადგან, როგორც თავად ამბობს, ბევრი ადამიანი ვერ უძლებს გულის ოპერაციას. თვითონ კი ორჯერ გაიკეთა უკვე.

,,აი, ჩემი პენსია რაში უნდა მეყოს? ექიმთან წასვლა გინდა... წამლები გინდა... ფაქტობრივად, არც მყოფნის, მაგრამ მე ისეთი მაგარი გამოვდექი, ორი ოპერაცია გადავიტანე'' - გვიყვება ჯებო. იხსენებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქურთაში. როგორ შეძლო შვილთან, ბადრისთან ერთად, ცხოვრების აწყობა. მერე 2008 წლის ომი და სოფლის დატოვება. სანერვიულოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა. ამიტომაც, არ უკვირს, რომ გულის დაავადებებს უჩივის.

ჯიოშვილების მეორე შვილი, მარეხი, 16 წელია, ხურვალეთში ცხოვრობს, შვილები უკვე გაზარდა, ერთი გაათხოვა და სრულიად ახალგაზრდას შვილიშვილებიც შეეძინა. ჯერ ძმაზე მგლოვიარეს, შემდეგ კი ნაადრევად დაქვრივებულს, დარდი პაწიებზე ზრუნვამა და სამსახურმა გადაატანინა _ თბილისში, ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობს და ბიჭის ტრაგიკული სიკვდილით გულდამძიმებულ მშობლებთან გზად მიმავალი, წეროვანში, ხშირად შეივლის - ხოლმე შვილთან, თამოსთან ერთად.

- ბები... იცი, რა გამახსენდა? სანამ წეროვანში გადმოხვიდოდით, სულ თავიდან გორის რაიონში, ახალდაბაში მთავრობამ რო სახლი გიყიდათ და დედაჩემმა სტუმრად რო მომიყვანა, გარეთ სკამზე ჩამომჯდარი იცრემლებოდი და ბადრი ძია გამშვიდებდა`,როგორც სხვები, ჩვენც ისე შევეგუებით აქაურობასაო“, გახსოვს? - პატარა ვიყავი და მაშინ სულაც ვერ მივხვდი, რისთვის ნერვიულობდი...

- გენაცვალე, თამო, აგვისტოში ქურთიდან გამოქცეულები ახალდაბაში, უცხო სოფელში დაგვასახლეს, სადაც ჩვენებური არავინ ცხოვრობდა და ამიტომაც ვერ წარმომედგინა, იქ როგორ გავძლებდით. ლიახვის ხეობის დაკარგვა ბადრისაც გულს უთუთქავდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვამხნევებდა. მძიმე დღეები გავიარეთ, თუმცა დვანიდან რო მოასვენეს, იმაზე მძიმე რაღაა ჩემ ცხოვრებაში?! - უპასუხა დახატულივით ლამაზ შვილიშვილს სახეზე ნაადრევად ჩამობერებულმა მანიამ და თვალებიდან ცრემლები ისევ ნიაღვარივით წამოსცვივდა.

ესაუბრა ნანა კახნიაშვილი, წეროვნიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები