ახალი ამბები
ყოფილი კულტურის სახლი გორში იყიდება - საწყისი ფასი 293 000 ლარია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე ისტორიულ შენობას, რომელსაც 2024 წლის მაისში ცეცხლი გაუჩნდა, არა აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

,,შესაბამისად, მის დემონტაჟზე პასუხისმგებელია გორის მერია და არ საჭიროებს შეთანხმებას'' - აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, შენობას დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით გააჩნია IV – V ხარისხის დაზიანებები, რის გამოც იგი საექსპლუატაციო ვარგისიანობით განეკუთვნება III კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა ექსპლუატაციისთვის უვარგისია და უეცარი ნგრევის საშიშროებიდან გამომდინარე საჭიროა უმოკლეს დროში განხორციელდეს მისი დემონტაჟი.

გორის მერიამ საკრებულოსგან ნებართვა ითხოვა, რომ მოხდეს შენობის პრივატიზაცია. ფართობით 669 კვ.მ.

გასაბჭოებამდე გორში, სამეფო ქუჩის #46 მდებარე შენობაში განთავსებული იყო ვაჟთა გიმნაზია, სადაც სწავლობდნენ სოფრომ მგალობლიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და სხვები. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, შენობა კულტურის სახლად გადაკეთდა. პრივატიზაციის შემთხვევაში, ახალ მეპატრონე ვალდებული იქნება ისტორიული შენობა დაანგრიოს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, მართალია, შენობა არ წარმოადგენს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლს, თუმცა ექცევა უძრავი ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები