ახალი ამბები
გორში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგზე უარი განაცხადა რისკ ჯგუფში მყოფმა 2122 პირმა
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, გორის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგზე უარი განაცხადა რისკ ჯგუფში მყოფმა 2122 პირმა.

,,კარდაკარ ჩამოვლისას მოსახლეობა უარს აცხადებდა სკრინინგის ჩატარებაზე'' - აცნობა მერიას ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

გორის მერიის ცნობით, C ჰეპატიტის კარდაკარ სკრინინგი გულისხმობს: ,, პატიმრობიდან გათავისუფლებული ტუბპაციენტების ზედამხედველობას მკურნალობის დასრულების მიზნით. ტუბერკულოზით დაავადებული პირების კონტაქტების კვლევას, შეწყვეტილი და ურჩი ტუბპაციენტების მოძიებას მათი მკურნალობაში ხელახალი ჩართვის მიზნით.''

გორის მუნიციპალიტეტში, 2024 წელს, ასეთი 10 000 ადამიანის სკრინინგი იყო დაგეგმილი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2015 წლიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით. 2025 წელს ამ პროგრამის დასრულებაა დაგეგმილი. ჯერ კიდევ 2023 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ამ პროგრამამ საქართველოში განკურნა 81 000 პოტენციურად სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტი.

,,საქართველოში ჯერ არ ყოფილა არცერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინოს და ისიც რაღაც 6-7 წელში. ამიტომ ეს პროგრამა უპრეცედენტოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რაც შეეხება მის საერთაშორისო მნიშვნელობას, ისტორიაში ჩაიწერება და სტუდენტებს ასწავლიან სხვა ქვეყნებში, რომ პირველად მსოფლიოში საქართველომ შეძლო ცალკე აღებული ერთი-ერთი ქრონიკული ინფექციური დაავადების, C ჰეპატიტის აღმოფხვრა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს დაიწყო, კომპანია „გილიადმა“ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტი მიაწოდა. ვიდრე აღნიშნული მედიკამენტის „ჯენერიკები“ გამოვიდოდა, C ჰეპატიტის მქონე ერთი პაციენტის მკურნალობა 88 000 დოლარი ჯდებოდა.'' - აცხადებდა 2023 წელს თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ფოტო: გორის მაცნე
Print

სტატიის გამოყენების პირობები