კასპის ერთ-ერთ სოფელში, მიწის სპორადული რეგისტრაციის მიზნით,
მოქალაქეს ლობიო და გოგრა გადაუხნეს. დაზარალებული ჩივის, რომ
მოსავალი დის ოჯახმა გაუნადგურა, იმ მიზნით, რომ საჯარო რეესტრის
წარმომადგენლებისთვის მიწის თვითნებურად დაკავების (ხვნის) პროცესი
ეჩვენებინა.
მოსავლის პატრონი აცხადებს, რომ მიწას თვითნებურად თავად ამუშავებს
1992 წლიდან. ხოლო მას შემდეგ, რაც მიწის დაკანონება გადაწყვიტა,
ქონების დარეგისტრირებაში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო დის ოჯახი.
,,ვითხოვ, აეკრძალოს მიწის დამუშავება ჩემს დას, ვიდრე არ მოხდება
მიწის დარეგისტრირება ჩემ სახელზე'' - აცხადებს მოქალაქე.
საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწაზე ორი განაცხადია შესული. სახელმწიფომ
განმარტა, რომ ვიდრე მიწაზე მესაკუთრის მფლობელის ვინაობაა არაა
გარკვეული, იმ პირებს შორის, ვისაც მიწა თვითნებურად აქვს დაკავებული,
დავა სამოქალაქო წესით სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
მიწის სპორადულმა უფასო რეგისტრაციამ დაპირისპირება გორშიც გამოიწვია.
ერთ-ერთ სოფელში მეზობელმა მეზობელს, საჯარო რეესტრის
წარმომადგენლების თანდასწრებით, სცემა. ფიზიკური დაზიანების მიყენების
გამო, ბრალდებული 1000 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართეს. შეხვედრა 4 მარტს გორის
მერიის შენობაში გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ აუცილებელია პროცესში
ორმხრივი თანამშრომლობა:
,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე
რეგისტრაციის პროცესში საჯარო მოხეელეების ჩართულობის აუცილებლობაზე
ისაუბრა. პროექტის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აქტიურ
ორმხრივ თანამშრომლობაზე.'' - აღნიშნულია მერიის მიერ 4 მარტს
გავრცელებულ განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები