ატენში შამპანურის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება სასტუმრო, რესტორანი
და გასართობი ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები მდინარე ტანის ნაპირზე
მიმდინარეობს.
,,ძველი ატენი'' ამჟამად ეკუთვნის ვალერიან ლურსმანაშვილს, რომელიც
გორში სასტუმრო ,,გოლდის'' მფლობელია.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები
მდინარე ტანაში ჩავა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის გაიწმინდება.
,,შპს "ძველი ატენი" გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. ატენში, თავისივე
საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე (ს/კ: 66.60.13.475; ფართობი: 27 288 მ 2) ახორციელებს
სასტუმროს, რესტორნისა და გასართობი ცენტრის მშენებლობას. აღნიშნულ
ტერიტორიაზე წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების
გაწმენდის მიზნით გათვალისწინებულია 2 ერთეული ბიოლოგიური გამწმენდი
ნაგებობის მოწყობა.'' - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს
ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.
ამავე ცნობის მიხედვით, მდ. ტანა, უშუალოდ გამწმენდი ნაგებობების
განთავსების ადგილიდან დაშორებული იქნება დაახლოებით 95 მეტრით.
,,ობიექტზე წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების ხარჯი
იქნება დაახლოებით 68 მ3/დღ. შესაძლო ავარიული შემთხვევების დროს
ზედაპირული წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით გამწმენდი
ნაგებობების გვერდით ასევე გათვალისწინებულია 50 მ3 მოცულობის
მიწისქვეშა ბეტონის რეზერვუარის მოწყობა, სადაც გამწმენდი სისტემის
რეაბილიტაციამდე განხორციელდება ჩამდინარე წყლების ავარიული ჩაშვება.
გაწმენდილი ჩამდინარე წყალი გადაიქაჩება ბიოლოგიურ, თხელშრიან
ფილტრ-სალექარში, სადაც მოხდება ჩამდინარე წყლების საბოლოო გაწმენდა.
გაწმენდილი ჩამდინარე წყლები თვითდენით, 200 მმ დიამეტრის გოფრირებული
მილით, ჩაშვებული იქნება მდ. ტანაში'' - აღნიშნულია დოკუმენტში.
ატენის ღვინის ქარხანა გაიხსნა 1949 წელს.
სტატიის გამოყენების პირობები