ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში სასმელი წყლის სისტემის
მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა მეხუთედ გადასწიეს. ამჯერად,
2025 წლის 25 აპრილამდე.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე აღარ იტვირთება ის წერილები,
რომლითაც კომპანიები სამუშაოების გადავადებას ასაბუთებენ. არც
თანხმობის წერილებშია განმარტებული ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია
სამუშაოების შეფერხება. პროცესები მედიისთვის და მოქალაქეებისთვის
გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
სოფელში, სადაც სულ 26 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სასმელი წყლის
სამუშაოები 2022 წლიდან დაიწყო.
თავდაპირველად, ჭაბურღილისთვის მიწა სოფლის ზედა ნაწილში გათხარეს,
თუმცა წყალი არ ამოვიდა და მიწა ჩაიშალა. ამბავი 2022-2023 წლების
დოკუმენტებში დეტალურადაა მოთხრობილი. კომპანიას არ აძლევდნენ თანხას
იმის გამო, რომ წყალი არ ამოვიდა. პირველი ჭაბურღილის ადგილი მიწით
ამოავსეს და ზედ სკვერი გააკეთეს.
2024 წელს ახალი ტენდერი გამოცხადდა და გადაწყდა, რომ ჭაბურღილი
სოფლის ქვედა ნაწილში გაკეთებულიყო. მიმდინარე პროექტის მიხედვით,
წყალი აიქაჩება სოფლის ზედა ნაწილში და რეზერვუარით განაწილდება
სახლებში. ეს პროცესი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა
მეხუთედ გადაიდო. რა პრობლემებია სამუშაო პროცესში, ამას ოფიციალურად
ატვირთულ დოკუმენტებში აღარ უთითებენ.
სტატიის გამოყენების პირობები