ახალი ამბები
ნაფიცმა მსაჯულებმა გდდ-ს თანამშრომელი და კიდევ ერთი პირი დამნაშავედ სცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ორი პირი, რომლებსაც გორის სოფელ ატენში მცხოვრებ რევაზ მიხანაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებათ ბრალი, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდებულებს შორის, ერთ-ერთი გდდ-ს (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის) თანამშრომელია. ბრალდებულებს 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დიმიტრი რევაზაშვილმა და იოსებ ბარჯაძემ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.

პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება, 2024 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები