ახალი ამბები
ამბულატორია კონფლიქტის ზონაში
ნიქოზის ამბულატორია 2011 წლიდან მუშაობს და სამ სოფელს, (ქვემო და ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი) ემსახურება.

დაწესებულებაში 19 თანამშრომელი მუშაობს. ბოლო ხანებში აქ აფთიაქიც გახსნა, რამაც ადგილობრივ მცხოვრებლებს მდგომარეობა გაუუმჯობესა.

მიუხედავად ამისა, ამბულატორიის მომსახურებით მოსარგებლე მცხოვრებლები ამბობენ, რომ უმჯობესია, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მუშაობდეს.

სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების შემთხვევაში გორიდან დადის და აგვიანდება.

ნაირა მახარაშვილი: (ადგილობრივი მკვიდრი) - „სასწრაფო გვჭირდება, სანამ სასწრაფო გორიდან ამოვა, ადამიანი ცოცხალი ან დახვდება ან არა. სამი სოფელი გამყოფ ხაზთან ვართ და გვიჭირს. მეტი წილი დაავადებულია ამ დარდით და ამ ომით, რაც გადავიტანეთ. ამინდი რომ არის ცუდი, ვერ მოდის თავის დროზე."

94 წლის სულიკო შატაკიშვილი ექიმების მომსახურებით კმაყოფილია. საჭიროების შემთხვევაში ექიმები სახლში აკითხავენ:

„მედ-პერსინალი ძალიან კარგი გვყავს. როცა გვიჭირს, ოჯახებშიც გვეხმარებიან. გაზეთს სათვალის გარეშე ვკითხულობდი. ახლა დამაკლდა თვალს და სიარული მჭირს, კარგი იქნება თუ თვალის ექიმსაც დაგვინიშნავენ“ - ამბობს სულიკო შატაკიშვილი.

ნინო მეტრეველი, ოჯახის ექიმი: „ამბულატორია სამი სოფლის მოსახლეობას ემსახურება, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ადგილზე მოსულ პაციენტს შეგვიძლია ჩავუტაროთ ლაბორატორიული კვლევა. გვაქვს კლინიკური ანალიზი, ბიოქომია, კუაკულოგრამის (სისხლის საერთო ანალიზია) გაკეთების საშუალება. არის ბინაზე გამოძახებები, ძირითადად, ეს გამოძახება, რგორც მწვავე, ისე ქრონიკულ დაავადებებს ეხება."

თამარ მჭედლიძე: (ადგილობრივი მკვიდრი) - „ყოველგვარ სიკეთეს დაემატა ის, რომ დირექტორის ნიკოლოზ ძამუკაშვილის ხელმძღვანელობით აფთიაქიც გაგვიხსნეს.“

ნიკოლოზ ძამუკაშვილი, ამბულატორიის დირექტორი: „არსებობს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები, რომლის ფარგლებში მოსახლეობა სარგებლობს უფასოდ. ამბულატორია ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და, შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის თანხები არ დევს ამბულატორიაში.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები