გორის უნივერსიტეტის ადმინისტრტაციის უფროსი გიორგი ხორბალაძე,
ერთ-ერთ თავის ნაშრომში, რომელიც გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებას
მიუძღვნა, აღნიშნავს, რომ მწერალი გიორგი სოსიაშვილი წარმატებული
იქნება კომედიოგრაფიის ამპლუაში.
ნაშრომი, რომლის სახელწოდებაა ,,მწერლის შემოქმედებითი მუშაობის
ინდივიდუალური მანერისა და მხატვრული სტილის თავისებურებანი'',
ავტორის აზრით, კვლევა უფროა.
გთავაზობთ ტექსტს ოდნავ შემოკლებით:
,,ჩვენი აზრით, კრებული „წითელი უდაბნო“ იმსახურებს გამორჩეულ
ყურადღებას სწორედ შინაარსობრივი და მხატვრული სტილის თავისებურებების
გათვალისწინებით.
წიგნში ასევე ნიშანდობლივ იძენს ტენდენციის სახეს გიორგი
სოსიაშვილისეული იუმორის ნაკადი, რომელიც ზოგჯერ სატირასთანაა
ნაზიარები და ტრაგიკომიკურ სიუჟეტს ჰქმნის, ზოგ შემთხვევებში კი,
მკითხველის განმუხტვის საშუალებაა და ქართლური, ერთობ სპეციფიკური
კოლორიტის დემონსტრირებაცაა.
პიესის გამოჩენასთან ერთად იუმორისტული ნაკადის მომძლავრება გიორგი
სოსიაშვილის შემოქმედებაში, იძლევა ვარაუდის უფლებას, რომ მწერალი
ასევე წარმატებული იქნება კომედიოგრაფის ამპლუაში, რაც გიორგი
ერისთავის შემოქმედებითი ტრადიციების გაგრძელება იქნება, ქართულ
დრამატურგიაში.
მხატვრული შემოქმედების შეფასებისას, ერთ-ერთი უმთავრესთაგან
კრიტერიუმს პერსონაჟის ხატვის ინდივიდუალური მანერა წარმოადგენს;
რამდენად ახერხებს ავტორი სიუჟეტის ფარგლებში (ზედმეტი მანევრირების
გარეშე) გახსნას პერსონაჟის შინაგანი სამყარო და მკითხველისთვის
შესამჩნევი გახადოს არა მხოლოდ პერსონაჟის ის დახასიათება, რომელიც
მწერალმა ღიად შესთავაზა მკითხველს, არამედ ისიც, რაზეც მას პირდაპირ
არ უსაუბრია.
მაგალითად, მოთხრობაში „კერენსკი“, პერსონაჟი, რომელსაც ავტორი „მთლად
უფროსად“ წარუდგენს მკითხველს, ესწრაფვის რა ძეგლის დადგმის მისთვის
მნიშვნელოვანი საქმის შეუძლებელ ვადებში აღსრულებას, პირდაპირ ამბობს:
„თუ დიდი ხანი ვერ გაძლებს ამ ჩემს ფეხებს. მერე კიდე დადგან“; [1;
46]
აქ, ავტორი პრაქტიკულად ერთი ფრაზით აკეთებს იმდენ მინიშნებას, რომ
თითოეულზე მსჯელობას რამდენიმე გვერდი შეიძლებოდა დასთმობოდა, მაგრამ,
მოთხრობას თავისი კონტექსტი და შინაარსი აქვს და მისი მხატვრული
გაღავება ვერ იქნებოდა ბუნებრივად მისადაგებული არსებულ პასაჟთან,
ამიტომ მწერალი სწორედ ერთი ფრაზითა და ამ ფრაზით გამოკვეთილი
ქვეტექსტებით არჩევს მკითხველის ყურადღების დაბალანსებას.
დამოწმებულ ფრაზაში, უპირველესად, წინა პლანზე წამოიწევს უახლოესი
წარსულის - „პიარზე“ ორიენტირებული პოლიტიკა, თავისი წითელი ლენტებითა
და შესაბამისი გმირებითა თუ ანტიგმირებით, შემდგომად, ამავე ფრაზით
სარკასტულადაა გაკრიტიკებული ფსევდოსაქმოსნობა, ყალბისმქმნელობა და
ცრუმშრომელობა, ეს კი სწორედ ის ტენდენციებია, რომელიც არაერთი წელია
ქვეყნის განვითარების გზაზე დაუძლეველ დაბრკოლებად არის აღმართული და,
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყვეს, სწორედ ეს მოჩვენებითი „ყოჩაღობა“
და მასზე გადაბმული ე.წ. „პიარი“ თუ უკეთესის ილუზიის შექმნაში
დაოსტატებაა მთავარი საზრუნავი მოხელეთა სოლიდური ნაწილისათვის და არა
საქმისა და ქვეყნის სიყვარული და მოვალეობებისადმი
პასუხისმგებლობა.
ეს ზოგადი საწუხარი უთუოდ მკვეთრად დომინირებს დამოწმებულ
წინადადებაში, თუმცა, ამასთანავე, დახატულია როგორც ხელმძღვანელის
ზოგადი ტიპაჟი, რაც კიდევ უფრო აქცენტირდება შერჩეული მოხსენიების
ფორმით - „მთლად უფროსი“, ასევე ვიღებთ ერთი კონკრეტული პერსონაჟის
შინაგან სამყაროს, მისი ბუნებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვან დეტალურ
ინფორმაციასაც, რადგან „მთლად უფროსი“, როგორც არა ზოგადი, არამედ
ერთი კონკრეტული ადამიანი, ირიბად, მაგრამ შესანიშნავად არის
დახასიათებული, ეს არის მლიქვნელი, უსინდისო, მატყუარა და მატერიალური
სიკეთისთვის ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი, ამავდროულად იგი
„მარიფათიანი“ საქმოსანი და ორგანიზატორია, თუმცა მორალური
პრინციპების გარეშე დარჩენილა და მისი „საქმენი საგმირონიც“
ჩვეულებრივი წყლის ნაყვაა, რამდენადაც, „მთლად უფროსისთვის“
საზოგადოებრივის შეგრძნება პირადულს შთაუნთქავს და, ერთადერთი ვისაც
იგი ემსახურება, ეს საკუთარი კარიერა და კეთილდღეობაა.
მოთხრობაში „დასასრული და დასაწყისი“ კი მთავარი პერსონაჟი - რაიკომის
მდივანი, ამბობს: „ღმერთი არა მწამს, მაგრამ სახარებაში მეც
ჩამიხედავს“, თანაც საინტერესოა ამ გამონათქვამის კონტექსტი -
პერსონაჟი „სახარებაში ჩახედვას“ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებელ
უტყუარ არგუმენტად იყენებს, რაც, იმთავითვე, მისი, როგორც უკიდურეს
გაურკვევლობაში ჩავარდნილი ადამიანის ერთგვარი დახასიათებაცაა და
უფლის გზის უალტერნატივობაზე ხაზგასმაც, ავტორის მხრიდან.
მსგავსი შინაარსობრივი განშტოებებით დატვირთული ფრაზები უცხო არ არის
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებისთვის, თუმცა, არ შეიძლება ცალკე არ
იქნას გამოყოფილი მეტყველების თავისებური მანერა, რომელსაც საინტერესო
იდიომებით, სიტყვათშეთანხმებებითა თუ წინადადების გაწყობის მისეული
სტილით აღწევს ავტორი. პერსონაჟთა მეტყველებისთვის ძირითადად
შერჩეულია ქართლური დიალექტი, რომელიც მწერალს კიდევ უფრო
გაუმდიდრებია ზეპირსიტყვიერებაში დაძებნილი, ხალასი სიტყვებით.
აღსანიშნავია მწერლის პროზის პოეტური რიტმიკა და მისი წერის კულტურა;
აღნიშნულის კომბინაცია, შესაძლებლობას აძლევს ავტორს, მკითხველს
შესთავაზოს მეტად საინტერესო და ინდივიდუალურად მხატვრული სტილი.
შეუძლებელია მკითხველს ყურადღების ყურადღების მიღმა დარჩეს გარგარის
ხიდან დანახული გაზაფხულის სურათი, რომელიც ორიოდე სიტყვით დაუხატავს
ავტორს - „გარგალმა იპატარძლა“ [1; 13], ან ბნელი ღამის აღსაწერად
უამრავგზის გამოყენებული „თითის თვალთან ვერ მიტანის ნაცვლად“ ასეთი
ახალი შემოთავაზება: „გაკუნაპეტდა ისედაც ყურჭთვალა ღამე“ [1; 35],
ხოლო გამთენიის სურათის აღწერა, პროზაიკოსის ხატწერის ერთ-ერთი
საუკეთესო ნიმუშია: „თენდებოდა, დილა იბადებოდა მშობიარე ცის წიაღიდან
და იისფერი შუქი ჟონავდა რაიკომის მდივნის საძინებელში“ [1; 25].
ასევე, ავდრიან, ქარწვიმიან ამინდში მიმავალი ადამიანის მიერ
გადატანილი სირთულის შთამბეჭდავად შესამეცნებლად:
„წვიმის შოლტი გადაუჭირა სახეზე ქარმა“ [1; 36], თუ ქარიან ამინდში
ტელეფონზე საუბრის სურათის წარმოსადგენად: „ლიახვის ნაპირიდან
დატიშული ქარი ძვრება ტელეფონში“ [1; 61];
მსუბუქად შემთვრალი მოქეიფე ბიჭების მსგავსი ლაკონური და პოეტური
გამოხატვაც ვერ დაგვრჩებოდა ყურადღების მიღმა: „პრაკლაანთ ვენახიდან
ჩამონაწური ლომიაურით შეპერანგებულიყვნენ“ [1; 74], მეტად თავისებური
და საინტერესოა შეფასება, რომ თურმე: „მოგონებების სასაფლაოა ეს ოხერი
ტვინი“ [1; 16].
კრებულის წიაღში ასევე უხვადაა შესაძლებელი ერთობ ორიგინალური
სიტყვათშეთანხმებების დაძებნა, რომლებიც წიგნის თითქმის ყოველ გვერდზე
შეგვიძლია მოვიძიოთ, ამიტომ, სიტყვა რომ არ გაგვექცეს მხოლოდ ერთი
მოთხრობის (დასასრული და დასაწყისი) ფარგლებიდან მოვიხმობთ
მაგალითებს:
„ყურჭთვალა ღამე“, „ჯანდაკი სხეული“, „პირდაღრენილი ტუფლი“, „რქაკავშა
არსება“, „სიკეთის მზე”, „ნაყვავილარი სული“, „მოგონებების სამარე“,
„ბეხლერწი გერო“, „მარმაშის ქსოვილი“, „ცეცხლოვანი ანგელოზები“,
„ნგრევის მტვერი“, „ცხოვრებაგადასანსლული ადამიანი“, „მაძღარი
თვალები“, „აყელყელავებული ვნება“, „დამრუხული მზერა“, „ჩუღუნი
წყვდიადი“, და როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ერთი მოთხრობიდან
მოყვანილი მაგალითებია, რომელიც, როგორც ჩანს, შეიძლება მთელს
შემოქმედებაში იქნას ენათმეცნიერული თვალსაზრისით შესწავლილი.
რაც შეეხება მათ ლიტერატურულ ფუნქციას, ფაქტია, რომ თითოეული მათგანი
უთუოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს გიორგი სოსიაშვილის მხატვრული
სტილის კომპოზიციაში და გამოყენებულია იმდაგვარი სიზუსტით, რომ
მსაზღვრელ-საღვრული ერთიანობაში ჰქმნის ორმაგ ეფექტს და წარმოადგენს
მკითხველის შთაბეჭდილების სრულყოფის ლაზათიან ხერხს.
როგორც აღვნიშნეთ, ზეპირმეტყველების წიაღში მოძიებული ეპითეტები
მნიშვნელოვნად ამდიდრებს გიორგი სოსიაშვილის მხატვრულ სტილს,
მაგალითად, მოთხრობაში „მოკითხვა საიქიოდან“, პერსონაჟის სიყოჩაღის და
შრომისმოყვარეობის დასახასიათებლად, გამოყენებულია ორიგინალური
ეპითეტი „ხელფეხიანია“, რაც იმით არის საინტერესო, რომ პირდაპირი
მნიშვნელობით „ხელფეხიანობა“ თუ არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს,
მწერლის მიერ გამოყენებული კონტექსტით იგი უმნიშვნელოვანეს და
შინაარსობრივად დატვირთულ ერთსიტყვიან დახასიათებას წარმოადგენს.
ზეპირსიტყვიერების მიმართულებით, ავტორის გაწეული სამუშაო უნდა ედოს
საფუძვლად, მოთხრობაში „დიპლომატი ტასო“, გამოყენებულ წყევლის
ნიმუშსაც, რომელსაც მოხუცი ტასო ახმოვანებს ნაწარმოებში: „აგრემც ჩემი
ხნის წყალი არ დალიოს“ [1; 73] - ამბობს მთავარი პერსონაჟი.
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებაში, ცალკე აღნიშვნის საგანია
წინადადებებში შემავალ სიტყვათა წყობა; კითხვის პროცესში აშკარად
იგრძნობა, რომ მწერლის პროზას ერთგვარი რიტმიკა და დინამიკა გააჩნია,
რომელიც მკითხველს ემოციურ მზაობას უქმნის კითხვის კიდევ უფრო მეტი
ინტერესით გასაგრძელებლად და უწყვეტი მოტივაციის შესანარჩუნებლად. თუ
ამ მიმართულებით შევეცდებით კვლევის გაგრძელებას, აღმოჩნდება, რომ ამ
დინამიკას წინადადებების გაწყობისას სწორი სტრატეგიით შერჩეული
სიტყვათა განლაგება და სიტყვათა შორის შესაბამისი სინონიმური
სიტყვების სწორი მიგნება ქმნის. ჩვენი მოსაზრებების სადემონსტრაციოდ
ამ კონტექსტშიც მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს:
„ტალახზე გამიცურდა პირდაღრენილი რაიკომისდროინდელი ტუფლი,
ფრატაფრუტით რო მიმაქვს ახლა“ (დასასრული და დასაწყისი) - მწერალს
ბუნებრივია შეეძლო ამ წინადადებაში ფეხსაცმელი გამოეყენებინა ტუფლის
ნაცვლად, ან პირდაღრენილისა და ფრატაფრუტის მაგივრად სხვა ნებისმიერი
სიტყვა შეერჩია, თუმცა თავად წინადადებას სწორედ ეს სიტყვები უხდება,
რათა სათანადოდ ჟღერდეს და „გამოიყურებოდეს“. ჯერ ერთი, სიტყვა
„ტუფლის“ გამოყენებას უთუოდ ორმაგი დატვირთვა აქვს, პირველი ის, რომ
მოთხრობაში ასახულია კონკრეტული ეპოქა და ამ ეპოქაში არსებული
რუსიფიკაციის საფრთხეა „ტუფლის“ ჩატოვებით აქცენტირებული, ხოლო მეორე
დატვირთვა „ფ“ და „ტ“ ბგერების ჟღერადობაზეა დამყარებული, რომლებიც
გარკვეული პერიოდულობით არის წინადადებაში გადანაწილებული და „რ“, „ხ“
და „ღ“ ბგერებთან ერთად სწორედ წინადადების ერთიან ტაქტს ქმნის.
შესაძლოა მხოლოდ შემთხვევითობისთვისაც მიგვეწერა წინადადების ასეთი
წყობა, მსგავსი წინადადებების დაძებნა რთული რომ ყოფილიყო, მაგრამ,
ბგერების დინამიური გადანაწილება ზოგადად არის დამახასიათებელი გიორგი
სოსიაშვილის პროზისათვის: „ნაწვიმარ ძურწას კიკნიდა წითელნაჭერშებმული
ბატკანი“ (დასასრული და დასაწყისი) - აქაც, ხომ შეიძლებოდა ბატკანზე
შებმული ნაჭერი სულაც არ ეხსენებინა ავტორს, ან ძურწას ნაცვლად
უბრალოდ ბალახი ეწიწკნა? თუმცა ავტორმა ზუსტად იცის რომელი სიტყვა
სჭირდება მის ფრაზას, რათა სათანადოდ ინფორმატიული გაიტანოს
მკითხველის სამსჯავროზე. ამ შემთხვევაში, წითელ ფერთან, ისევე როგორც
„ტუფლთან“ მიმართებაში, ორმაგი სიმბოლური დატვირთვა იკვეთება. პირველი
დატვირთვა ზუსტად იმეორებს ეპოქის ზემოაღნიშნულ კონტექსტს, ხოლო მეორე
დატვირთვა, უკვე „წ“ ბგერის ხმოვანებაზეა დამყარებული, რომელიც
პირველი ოთხი სიტყვიდან სამ სიტყვაში ფიგურირებს და „რ“, „კ“ და „ბ“
ბგერებთან ერთად აშკარად თავის ფუნქციას ასრულებს წინადადების
ჟღერადობაში. საინტერესოა, რომ მსგავსი გადანაწილება არა ხელოვნურად
წინასწარ დაგეგმილი კანონზომიერებით, არამედ, ავტორის წერის პროცესის
შინაგანი დინამიკიდან მომდინარეობს და სწორედ ამიტომაა ეს დინამიკა
ძალზე ბუნებრივი.
პირველი ოთხი სიტყვის შემდგომ, სადაც „წ“ ბგერა წარმართავს
წინადადების ხმოვანებას, მწერალი არ ცდილობს ხელოვნურად ჩასვას იმავე
ბგერის შემცველი სხვა სიტყვა, რადგან ეს სწორედ იმ ბუნებრივი
პროცესიდან გამოიყვანს, ამიტომ სრულიად ძალდაუტანებლად ამთავრებს
ფრაზას სიტყვებით:
„შებმული ბატკანი“ და ორივე სიტყვაში „ბ“ ასოს რიტმი გვგონია, რომ
მწერალსაც მხოლოდ შინაგანი ხმის მეშვეობით ჩაესმის, ისევე როგორც
წინადადების დასაწყისში „ნაწვიმარი ძურწას“ შემთხვევისას.
ბუნებრივია, ერთი კვლევის ფარგლებში ყველა წინადადებას ვერ
განვიხილავთ, თუმცა რამდენიმე მაგალითზე კვლავ შევაჩერებთ ყურადღებას,
იმ შემთხვევისთვის, თუ ზემოთ დამოწმებული ციტატები არასაკმარისად
კიდევ შეიძლება ჩაითვალოს. „გზადაგზა მომდევდა ცხვრის ბღავილი, იქვე
ტაძრის გვერდით, ცხონებული დათიკოს ბაღთან, წამოაქციეს, ტაძრის
ცქერითაც ვერ მოასწრო რო გაეძღო თვალი იმ საცოდავ ვარსკვლავზე გაჩენილ
არსებას“. - ასე ძალდაუტანებლად მიუყვება საუბარს სოსიაშვილის
პერსონაჟი და შეუძლებელია სიტყვების საგანგებო გადანაწილებაზე
ისაუბრო, თუმცა ის, რაც მწერლის შინაგან სამყაროში ტრიალებს,
აუცილებლად გადმოედინება ფურცელზე და ნახულობს სათავისო კალაპოტსაც.
მწერალს კი წერის პროცესში უთუოდ საკუთარი ხმა ჩაესმის - როგორ
იკითხება, როგორ ისმინება მისი ფრაზა? ეს მისი უწყვეტი,
მუდმივადგანახლებადი შეკითხვაა, ვიდრე შემოქმედებით ლაბორატორიაში
ტრიალებს და, შესაბამისად, იგია ამ ფრაზის პირველი დეგუსტატორიც,
ამიტომ ისე გამართავს, როგორც თავად მოეწონებოდა, პირველ რიგში მის ერ
მოთხოვნილებასთან როგორც იქნებოდა თანხვედრაში, მისი სულის მუსიკას
როგორც ახმიანებდა, თორემ ჩვენსავით რა დაათვლევინებს ბგერათა
რაოდენობას?! ამ შინაგანი ხმის კარნახითაა, რომ „გზადაგზა მომდევდას“
თავისი რიტმი აქვს, „ცხვრის ბღავილს“ მისი, ხოლო უფრო ქვემოთ კი „ც“,
„ძ“ „წ“ ჟღერადობის ჯგუფის ბგერები შემოდიან და „რ“ და „დ-თ“
ბგერებთან მონაცვლეობით აბალანსებენ წინადადების ტონალობას. ჰეგელის
განმარტებით „გამოსახვა მაინც მისი (მწერლის) შთაგონების ნაწარმოებია,
ვინაიდან იგი, როგორც სუბიექტი, მთლიანად გაერთიანებულია საგანთან და
მისი მხატვრული ხორცშესხმა თავისი სულისა და თავისი ფანტაზიის
შინაგანი ცხოველმყოფელობიდან მოახდინა“ [3; 338].
ერთგან გიორგი სოსიაშვილის პერსონაჟი ამბობს: „ალბათ მოლოდინი ჰქონდა
რო დავკლავდი და ოხშივარს ავადენდი ცეცხლზე შემომდგარ კარდალს“ და
ძალიან რიტმულად შემოაქვს ქართულ დიალექტში გაზავებული „დ“ და „თ“
ბგერების სირბილე. თითქოს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში, წინადადების
ამგვარი არქიტექტონიკა პერსონაჟის განწყობის დამატებითი
გამოხატულებაა, რომ იგი სულაც არ აპირებს ცხვრის დაკვლასა და
„კარდალსთვის“ ოხშივარის ადენას. ამ შემთხვევაში თერთმეტსიტყვიანი
წინადადებიდან ათ მათგანში შეგვიძლია „დ“ და „თ“ ბგერების მოძიება,
რომელთა ჟღერადობა ეთგვაროვნად აღიქმება, თუმცა მხოლოდ „დ“ ბგერა
ათჯერ გვხვდება და თუ მხოლოდ ერთ სიტყვაში საერთოდ არ არის, ორგან
ორ-ორჯერაც მეორდება. ხომ არც ისეთი სიხშირითაა ჩარჩენილი „კარდალი“
ჩვენს მეტყველებაში და არა ერთ სხვა შესატყვის სიტყვას უფრორე
ვიყენებთ, როგორც წესი, მაგრამ „შემომდგარ კარდალს“ თავისი მუსიკა
აქვს, რომელიც როგორც ჩანს სწორედ ზემოთ ნახსენებ, მწერლის სულის
მუსიკას ისე ახმიანებს, როგორადაც წერის პროცესში ავტორი
აყურადებდა.
ამრიგად, ჩვენი მიზანი იყო, მიმოგვეხილა მწერლის შემოქმედების
ინდივიდუალური მანერისა და მხატვრული სტილის თავისებურებანი გიორგის
სოსიაშვილის შემოქმედებაზე დაყრდნობით.
კონკრეტულად, ერთი კრებულის ფარგლებში, მკითხველს დავანახვეთ ის
ნიუანსები, რომელიც ამდაგვარი ჩაძიების გარეშე, მის თვალსაწიერში ვერ
მოხვდებოდა, რამდენადაც ისინი ერთი შეხედვით ზედაპირზე არ დევს და
ნაწარმოების სიღრმეებშია გადანაწილებული.
კვლევამ საშუალება მოგვცა, კონკრეტული თანამედროვე ავტორის
შემოქმედების ნიუანსობრივი წვდომისა, თუმცა, როგორც გრიგოლ კიკნაძე
აღნიშნავს: „ლიტერატურული სტილის კვლევა წარმატებას მხოლოდ
პიროვნებათა სტილზე დაკვირვების გზით მიაღწევს... ინდივიდუალური
სტილის ანალიზი ზოგადმა სტილისტიკამ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება
შეამზადოს“ [2; 16]. ამიტომ, ვფიქრობთ, ნაშრომი საინტერესო იქნება
ზოგადად, ამა თუ იმ მწერლის მხატვრული სტილის თავისებურებების კვლევით
დაინტერესებული მკვლევრებისა თუ მკითხველთა იმ კატეგორიისთვის,
რომლებიც მსგავსი საკითხებით დაინტერესდებიან.''
სტატიის გამოყენების პირობები