ახალი ამბები
გორში, ,,ლურჯ ავტობუსებში'' უბილეთო მგზავრებს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დააჯარიმებენ
გორში, ,,ლურჯ ავტობუსებში'' უბილეთო მგზავრებს, კონტროლიორების ნაცვლად, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი. საკითხს საკრებულოს მაისის სხდომაზე განიხილავენ. დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

„პროცესზე პრაქტიკული დაკვირვებისა და დაკვირვების შედეგების გაანალიზების შედეგად, მიზანშეწონილია ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ მინიჭებული უფლებამოსილებები მიენიჭოს სპეციალურად ამ ფუნქციების განხორციელების მიზნით შექმნილ გორის მუნიციპალური ინსპექციას'' - აღნიშნავს პროექტის ავტორი.

ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა გვითხრა, რომ ცვლილება დიდი ხნის წინ უნდა შესულიყო, რადგან ტრანსპორტის სააგენტოს სხვა ბევრი საზრუნავი აქვს:

,,ინსპექცია შექმნილია იმისათვის, რომ ებრძოლოს სამართალდარღვევებს, ამიტომ, ვთვლი, რომ ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ჩვენ სხვა ბევრი საზრუნავი გვაქვს. რაც შეეხება კონტროლიორებს, ისინი სავარაუდოდ გადავლენ ინსპექციაში და იმუშავებენ, როგორც ინსპექციის თანამშრომლები. ბიუჯეტშიც შევა ცვლილებები თავისთავად'' - გვითხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები