ახალი ამბები
მერეთში სკოლას სკანდინავიური ქვეყნების გრანტით გაარემონტებენ
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთის სკოლას, ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გრანტის ხელშეკრულებას მთავრობამ ხელი გასულ წელს მოაწერა.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მაღალმთიანი სოფლების სკოლების რეაბილიტაცია ჩატარდება ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ
გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, რომლის ღირებულება 50 მლნ ლარამდეა. მაღალმთიან სკოლებს შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის სკოლაც მოხვდა.

თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავს. ფონდმა 2024 წლის დეკემბერში გორის სოფელ მერეთისთვის და თიანეთის სოფელ სიმონიანთხევისთვის ცალკე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც კომპანია ,,ქართულმა სამშენებლო ჯგუფმა'' გაიმარჯვა. კომპანიას ავანსის სახით თანხაც მიღებული აქვს.

ამ ტენდერის მიხედვით, რომელიც დაახლოებით 7.5 მლნ ლარს შეადგენს, კომპანიას ,,საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, კონსტრუქციული მთლიანობის გამაგრების, შენობის კონვერტის თერმული მახასიათებლების გაუმჯობესების და შენობის სისტემების ენერგო ეფექტურობის განახლების სამუშაოების'' შესრულება ევალება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები