ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ძლევიჯვარელი ბიზნესმენების, შერაზადაშვილების სარგებლობაშია. ტვ
მონიტორინგის ინფორმაციით, წაღებულია სამშენებლო მასალები და
ხელსაწყოები. ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
,,ქართლის ამბებმა" კი გაარკვია, რომ შენობა კომპანია ,,ელიტ სერვისს"
ეკუთვნის, რომლის დირექტორად 2023 წელს ვასიკო შერაზადაშვილი
დაინიშნა. იგი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაშინ გახდა,
როდესაც 33% პროცენტი მას სლავა შერაზადაშვილმა გადაუფორმა. სლავა
შერაზადაშვილი ,,საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებელია, ქართული ოცნების
ერთ-ერთი დამფინანსებელი და სახელმწიფო ტენდერების მსხვილი
კონტრაქტორი, რომლის ღირებულება, ღია წყაროებით, ასეულობით მილიონ
ლარს აღემატება.
მიწა, სადაც დღემდე უფუნქციო შენობა დგას, გორის მერიას ეკუთვნის და
2013 წლამდე მწვანე ზოლს წარმოადგენდა. 2013 წელს, მაშინდელმა
გამგეობამ, მიწა 49-წლიანი იჯარით ,,ელიტ სერვისს" მისცა. ,,ელიტ
სერვისმა" ხეები გაჩეხა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, გაიმართა
აქციები. მოსახლეობა იმით დაამშვიდეს, რომ შენობის გარშემო უფრო ბევრი
ხე დაირგვებოდა.
კომპანიამ, მწვანე ზოლზე, რესტორნის ტიპის შენობა ააშენა.
დოკუმენტაციაში სლავა შერაზადაშვილის სახელიც გამოჩნდა. ერთ-ერთმა
მეწილემ ელგუჯა წერეთელმა მინდობილობით წილის ფლობის უფლება სლავა
შერაზადაშვილს მისცა. სლავა შერაზადაშვილმა კი ვასიკო შერაზადაშვილს
დაუთმო.
რაც შეეხება დიმიტრი დიმიტრიადს, რომელსაც, როგორც დირექტორს, 2013
წელს, მოსახლეობა პირადად უპირისპირდებოდა და სუფთა ჰაერის წართმევაში
ადანაშაულებდა, მანაც საკუთარი წილი ვასიკო შერაზადაშვილს
გადაუფორმა.
დღეს შენობის აბრაზე გამოკრულია წარწერა - ,,ქირავდება"
სტატიის გამოყენების პირობები