მდინარე ძამის ხეობის ტყეში პირველი საერო დასასვენებელი სივრცე, ვილა
აშენდა, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით, ძლევიჯვარელ ბიზნესმენს
ვასიკო შერაზადაშვილს ეკუთვნის.
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.
ვილა იმ ტერიტორიაზეა აშენებული, რომლის გარშემო ეკლესია-მონასტრებია.
როგორც ორი წლის წინ, მეუფე იობმა ჟურნალისტებს დაუდასტურა,
საპატრიარქოს სარგებლობაში მთლიანი ხეობის გადაცემა სურდა. აქ
ჩაფიქრებული იყო, რომ გაკეთებული ათონის მთის მსგავსი გარემო, სადაც
მხოლოდ ბერ-მონაზვნები იცხოვრებდნენ, ხოლო საერო პირების შესვლა
შეზღუდული იქნებოდა.
ქარელის მერიამ 69 700 ლარი გამოყო ქარელიდან კოდმანამდე
გარეგანათების მოსაწყობად.
საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 3800
კვ.მ-ია, შერაზადაშვილებამდე სხვა პირებს ეკუთვნოდა. ის რამდენიმე
ადამიანზეა გაყიდული და საბოლოოდ ვასიკო შერაზადაშვილმა შეიძინა.
შენობა მდინარე ტყემლოვანასწყლის ნაპირზე მდებარეობს, რომელიც
წიფლოვანასთან მდინარე ძამას უერთდება. აქ ყოველ უქმეებზე დიდი
სტუმრიანობაა.
საჯარო რეესტრის რუკის მიხედვით, შენობა მოქცეულია იმ საზღვრებში,
რომელიც მესაკუთრე ფლობს, თუმცა მის გვერდით აშენებული სპორტული
მოედნები კუთვნილ ფართობს სცილდება.
ქვემოთ 2006 წლის რუკაზე მიწის ფართობი ცარიელი ჩანს.
ვასიკო შერაზადაშვილს და ,,ქართული ოცნების'' ცნობილ დამფინანსებელს
და სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორს, სლავა შერაზადაშვილს,
რამდენიმე კომპანიაში საერთო ინტერესები აქვთ. მაგალითად, ,,ელიტ
სერვისში'' ვასიკო შერაზადაშვილი გარკვეული აქციების მფლობელი სლავა
შერაზადაშვილის დახმარებით გახდა. ვასიკო შერაზადაშვილი ფლობს
ძლევიჯვარში რეგისტრირებულ სამეურნეო კომპანიას ,,აგრო ინდუსტრიას''.
საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, ვასიკო შერაზადაშვილმა
,,აგრო ინდუსტრიის'' კუთვნილი წილი საქართველოს ბანკში დააგირავა 50
მლნ ლარად.
ვასიკო შერაზადაშვილი დაახლოებული პირია ასევე გორში ცნობილ ბიზნესმენ
გივი ჯალაბაძესთან. მათ საერთო ინტერესები აქვთ სამშენებლო
კომპანიებში - ,,მივა ბილდერს'' და ,,მივა დეველოპმენტში''.
ძლევიჯვრის მეურნეობას ესტუმრა გასულ წელს, წინასაარჩევნო პერიოდში,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც მასპინძლობას უწევდა
სლავა შერაზადაშვილი. შერაზადაშვილმა დააფინანსა ჭიდაობის ტურნირი,
სადაც მონაწილეებსაც და გამარჯვებულებსაც სოლიდური თანხა გადასცეს.
შერაზადაშვილი აფინანსებს სოციალურ პაკეტებს, რომელიც სადღესასწაულო
დღეებში ქარელში რიგდება. შერაზადაშვილმა დააფინანსა აგარის ქარხნის
მუშებისთვის პროდუქტების პაკეტის გაცემა მაშინ, როდესაც ქარხანამ
საახაწლო პერიოდში მუშაობა შეწყვიტა.
სტატიის გამოყენების პირობები