უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციამ ,,უფლისციხის
განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის" წარმომადგენლებს
საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე უარი განუცხადა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფონდის
წარმომადგენელმა გიგუცა თათრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ფონდის პრეზენტაცია კვირას, 27 მარტს, მაინც გაიმართება,
ოღონდ - მუზეუმის ტერიტორიაზე ახლადაშენებულ მარანში.
,,მოსაწვევები დარიგებულია, ველოდებით მაღალი რანგის სტუმრებს, როგორც
ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საქმის კურსში
იყო რა თქმა უნდა მუზეუმის ადმინისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეს
გვითხრეს, რომ საკონფერენციო დარბაზს არ დაგვითმობენ" - აცხადებს
გიგუცა თათრიშვილი, რომელიც პარალელურად მუზეუმის გიდია და ამ საქმეს
33 წელია ემსახურება.
უარის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მუზეუმის
საკონფერენციო დარბაზის მოთხოვნის წერილი ერთი კვირით ადრე არაა
შეტანილი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ მუზეუმში
27 მარტისთვის სხვა ღონისძიება არაა დაგეგმილი. ამ დროისთის
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის კულტურის სამინისტროს პოზიცია
უცნობია.
ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის განვითარებისა და
რეაბილიტაციის ფონდის პრეზენტაცია 27 მარტს 13 საათზე გაიმართება.
ფონდის მიერ რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა
პროგრამების განხორციელება იგეგმება.
შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლები ფონდის დაარსების მიზანებზე და
ამოცანებზე ისაუბრებენ.
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის
რეაბილიტაცია-პოპულარიზაცია უკვე წარმოადგენს ახლადდაფუძნებული
ორგანიზაციის მთავარ მიზანს.
გიგუცა თათრიშვილის განცხადებით, პრეზენტაციაზე იმ კონკრეტული
ამოცანების შესახებ იქნება საუბარი, რომლის განხხორციელებასაც ფონდი
გეგმავს. იგი საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი გიდია,
რომელიც ,,სტალ-ბერის" სახელითაა ცნობილი.
სტატიის გამოყენების პირობები