ახალი ამბები
საუდის არაბეთის დელეგაცია ცხვრის წარმოების პოტენციალს გაეცნობა
საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად იმყოფებიან.

ვიზიტი ერთკვირიანია, რომლის ფარგლებში მხარეები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნობიან და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

დელეგაციას საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს.

„მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში გადის ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი -ცხვარი. დელეგაციის წევრებს დავათვალიერებინებთ და გავაცნობთ ინფრასტრუქტურას ვეტერინარიის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობას “,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო ბაზის, ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობების, ფერმებისა და საწარმოების დათვალიერებაც.

საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები

Print

სტატიის გამოყენების პირობები