ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი
ნინო მაზმიშვილი სოფელ რუისის საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს
,,მცირე კონფლიქტს" უწოდებს.
,,აქამდე ხმას არ ვიღებდი. ეხლა მინდა ყველამ გაიგოთ, რას წარმოადგენს
ეს ხალხი" - ამბობს ანა ბალიაშვილი, რომლის და რუისის საბავშვო ბაღში
მუშაობს და ამავე ბაღის ყოფილი დირექტორია.
,,რამდენიმე თვეა სახელოვანი ჩემპიონის ბექა ღვინიაშვილს დედა რუისის
მე-3 საბავშვო ბაღის დირექტორად მუშაობს. ყოფილი დირექტორი ჩემი დაა,
ერთ დროს ყველაზე წარმატებული დირექტორი. ჩემპიონის დედას არც
შესაბამისი განათლება აქვს და არც გამოცდილება, მითუმეტეს,
თანამშრომლებთან ურთიერთობის კულტურა. ჩამოქვეითებულ ჩემს დას ყოველ
დღე ავიწროვებს, ეჩხუბება და უმიზეზოდ ლანძღავს, იმის გამო, რომ
მშობლებში პატივისცემას იმსახურებს, თვითონ კი მხოლოდ ზიზღს. ჩემი და
ცდილობს, მოთმინებით აიტანოს მისი აგრესია, მაგრამ ლედი უმეკაშვილის
მხრიდან დღეს გამართული ისტერიკა მისთვის უკვე ძალიან რთული
გადასატანი აღმოჩნდა. ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემი და რომ ისეთ
მდგომარეობაში არ მენახა, როგორშიც ვნახე. სიტუაციის დასარეგულირებლად
დედაჩემი ურეკავს ბექა ღვინიაშვილის მამას, იმისთვის, რომ ცოლის
აგრესია როგორმე შეაჩეროს. ეს კი დედაჩემს ეუბნება - "ქალო რა უნდა
გელაპარაკოოო." ასეთი რამე დედაჩემისთვის, რომელიც დამსახურებული
პედაგოგია და რომლის დამსახურებაცაა საბავშვო ბაღის გადარჩენა რუისში,
რომელმაც წლების განმავლობაში უხელფასოდ იმუშავა, ასეთი რამე არავის
უკადრებია. მოკლედ, აი ასეთი მშობლები ჰყავს ბექა ღინიაშვილს." -
აცხადებს ანა ბალიაშვილი.
ქარელის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ვასიკო
ბაქრაძე გარკვეული სახის ინციდენტს ადასტურებს, თუმცა, დეტალური
ინფორმაციის მისაღებად საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან
დაკავშირება გვირჩია.
ბაღების გაერთიანების დირექტორი კი, ამბობს, რომ ორივე პიროვნებას
შეხვდა.
,,ეს იყო პატარა კონფლიქტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ამოიწურა. მე
ორივე მხარეს შევხვდი. რას ვიზამთ, ყველა სამსახურში ხდება ასეთი
გაუგებრობა, ყველა სამსახურში შეიძლება ჰქონდეს ხმამაღალ საუბარს" -
გვარწმუნებს ნინო მაზმიშვილი.
ნინო მაზმიშვილთან დარეკვის შემდეგ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტს
რუისის საბავშვო ბაღის თანამშრომელი მაია ბალიაშვილი უკავშირდება და
გვთხოვს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გავავრცელოთ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ამ ეტაპზე ბაღის დირექტორს ვერ
დაუკავშირდა.
რუისის საბავშვო ბაღში მიმდინარე პროცესების შესახებ შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრი ადრეც წერდა.
იხ. ამავე თემაზე:
ჩემპიონის დედა საბავშვო ბაღში
დანიშნეს - გლოვა რუისში
სტატიის გამოყენების პირობები