ახალი ამბები
კეფაზე ხალი - ახალი დეტალები "ვი თი ბი ბანკის" დაყაჩაღების საქმეში
,,ვი თი ბი ბანკის" დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ზაქარია აბუაშვილის საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში გრძელდება.

პროკურორმა ია მეფარიშვილმა სასამართლო პროცესზე ნივთმტკიცებად სუნის ნიმუში წარადგინა, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთმტკიცება კანონდარღვევით არის მოპოვებული.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა სუნის ნიმუში იმ მანქანიდან აიღეს, სადაც ბანკის დამყაჩაღებელი გაქცევისას ჩაჯდა.

სუნის ნიმუში კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა ძაღლის მეშვეობით აიღეს.

ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნების გარეგნობა სრულიად განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვინც ბანკის კამერებშია დაფიქსირებული ყაჩაღობის დროს.

კერძოდ, ბრალდებულს შავი თმა და კეფაზე დამახასიათებელი ნიშანი, ხალი აქვს. ნოდარ ცინცაძის თქმით, ბანკის კამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოებში კი დამყაჩაღებელს  ხალი არ უჩანს და პიროვნება ჭაღარა თმიანია.

„პიროვნება, რომელსაც მე ვიცავ დანაშაულს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, მას აღნიშნული ყაჩაღობა არ ჩაუდენია, დაზარალებული ბანკის თანამშრომელი მაკა აღდგომელაშვილი კი სწორედ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზაქარია აბუაშვილს დებს ბრალს. ხალი, რომელიც ზაქარია აბუაშვილს კეფაზე აქვს, დამახასიათებელი ნიშანია, აღნიშნული ხალი მის ოთხივე დედმამიშვილს აქვს, რომელიც ადვილად შესამჩნევია, მითუმეტეს ზაფხულში, როდესაც მაიკებით დადის ხალხი. ვიდეოები რომლებიც დავათვალიერეთ ჩვენც და გამომძიებლებმაც, იქ სულ სხვა პიროვნებაა დაფიქსირებული, ამას ჭაღარა თმაც ამტიცებს, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ პროკურატურა ტყუილად გვდებს ბრალს“-ამბობს ნოდარ ცინცაძე.

დაცვის მხარე დამატებით კიდევ ერთი ექსპერტის მოწმის დაკითხვას ითხოვს.

იხ. ამავე თემაზე:

დნმ-ის კვალი ,,VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა

Print

სტატიის გამოყენების პირობები