ახალი ამბები
პატრულს შეატყობინეს, რომ მამაკაცი ცოლს ქუჩაში ეჩხუბებოდა
7 აპრილს ღამის საათებში მელიქიშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცოლს ეჩხუბებოდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ამ შინაარსის შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა და ნასვამი მამაკაცი დააკავა.

მეორე დღეს სასამართლოში პატრულმა დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე წარადგინა.

წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო, მოქალაქე ვალერი ს. 300 ლარით დაჯარიმდა.

„შეტყობინების საფუძველზე გავედით, გვითხრეს, რომ ჩხუბი უნდა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილას რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა ნასვამი იმყოფებოდა და ხმამაღლა იგინებოდა, არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ დამშვიდებულიყო, თუმცა არ დაგვემორჩილა, რის შემდეგაც დავაკავეთ“ - აღნიშნა პატრულის თანამშრომელმა გიგა ცერცვაძემ.

იმ ღამით ამავე ეკიპაჟმა კიდევ ერთი წევრი დააკავა.

კერძოდ, 24 წლის შმაგი დ. მშვიდობის გამზირზე მეგობართან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისინი პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს და შეამოწმეს.

პატრულმა აღმოაჩინა, რომ მანქანას მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

„ნასვამ მძღოლს განვუმარტეთ წესები და კანონები, ამის გაგონებაზე გვერდით მჯდომი შმაგი დ. არაადეკვატური გახდა, ვუთხარით, რომ ხელი გვეშლებოდა მუშაობაში, რაზეც მისგან უფრო აგრესია მივიღეთ პასუხად, აქედან გამომდინარე, ეს ახალგაზრდა ჩვენს მიერ იქნა დაკავებული “ - აღნიშნა გიგა ცერცვაძემ.

შმაგი დ. მოსამართლემ 250 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე დავით პაპუაშვილის წინაშე, წარდგენილმა ახალგაზრდებმა ჩადენილი დანაშაულის გამო, ბოდიში მოიხადეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები