„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს კანონის
დარღვევაში ადანაშაულებს და ილია მეტრეველისგან ხელშეკრულებით
აყვანილი თანამშრომლების გათავისუფლებას ითხოვს.
ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე
ისაუბრა.
როგორც ირკვევა, საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ილია მეტრეველი
ხელშეკრულებას იმაზე მეტ თანამშრომელს უფორმებს, ვიდრე ეს დადგენილი
წესია.
თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა
აქვს 13-ზე მეტი უშტატო თანამშრომელი ჰყავდეს. მრჩეველი ირაკლი
ოქრუაშვილი კი, მისი ინფორმაციით, რიგით მე-14 თანამშრომელია,
რომელსაც ხელფასი 1000 ლარი დაენიშნა.
თედლიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს დოკუმენტების რიგითობის
შეცვლა და, შესაძლოა, ოქრუაშვილი რიგით მე-13 უშტატო თანამშრომლად
გააფორმონ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ 156-ე მუხლისა მე-2 პუნქტის თანახმად „მუნიციპალიტეტის
შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის,
მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა რაოდენობის
10%.-ს"
ამ დროისთვის თანამშრომლების რაოდენობა 125-ია, ხოლო მისი 10 პროცენტი
შეადგენს - 12,5 -ს.
„ხელშეკრულების საფუძველზე ილია მეტრეველს 15 თანამშრომელი ჰყავს, რაც
კანონთან შეუსაბამოა. მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც
საკრებულოს თავმჯდომარემ 2016 წლის 18 მარტს მრჩევლად აიყვანა" -
ამბობს თედლიაშვილი.
თამარ თედლიაშვილის განცხადებით, მეტრეველი საკუთარი პარტიის წევრებს
ასაქმებს და ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.
„25 მარტს მეტრეველმა ნიკოლოზ ბურდული გაათავისუფლა, რომელიც
საკრებულოში ხელშეკრულებით 2016 წლის 4 იანვრიდან იყო გაფორმებული.
ბურდული მძღოლის თანამდებობაზე მუშაობდა. ილია მეტრეველმა ის
საკრებულოს ხარჯების დაზოგვის მიზნით გაათავისუფლა. მისი
გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში კი „ქართული პარტიის" წევრები
დაასაქმება დაიწყო" - გვეუბნება თედლიაშვილი.
კერძოდ, 18 მარტს ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ შტატგარეშე
მოსამსახურედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიწვია.
ხელშეკრულება, რომელიც ოქრუაშვილს დაუდეს, 2016 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით მოქმედებს.
„ქართული პარტიის „ ლიდერის ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის
თანამდებობაზე 1000 ლარით განისაზღვრა.
17 მარტს ილია მეტრეველმა თავისივე თანაშემწედ ,,ქართული პარტიის"
წევრი კახა ერგემლიძე დანიშნა, ხოლო 5 აპრილს ასევე კიდევ ერთი
წევრთან, ამავე პარტიიდან, რამაზ შარიქაძესთან გააფორმა შრომითი
ხელშეკრულება, საკრებულოს სხდომების ტექნიკური უზრუნველყოფის
მიზნით.
17 მარტს ილია მეტრეველმა ხელშეკრულება გაუფორმა გიორგი აფციაურს და
ის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის
კომისიაში სამუშაოდ მიიწვია. მისი ყოველთვიური გასამრჯელო 800 ლარით
განისაზღვრა.
ყოველივე ამის შემდეგ 6 აპრილს, მერიამ საკრებულოს თავმჯდომარეს
წერილობით მიმართა და შეახსენა, რომ ხელშეკრულებით მას მხოლოდ 13
ადამიანის აყვანის უფლება აქვს და, რომ ის კანონს არღვევს.
„დღეს მეორე წერილსაც მივწერ მეტრეველს, მან 5 აპრილს კიდევ ერთი
თანამშრომელი აიყვანა ხელშეკრულებით, რაც კანონით აკრძალულია“-
გვეუბნება ზურაბ ჯირკველიშვილი.
მთავარი ადრესატი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ილია მეტრეველი
საკრებულოში არ იმყოფებოდა სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობს.
სტატიის გამოყენების პირობები