ახალი ამბები
ჯირკველიშვილის ასფალტი, რაზმაძის კანალიზაცია და ოქრუაშვილის ბაღი
გორში, სადგურის დასახლებაში შიდა გზების მოასფალტება მიმდინარეობს.

მზადდება პროექტი, რომლის მიხედვით, მერიას საბავშვო ბაღის გაკეთებაც დაევალება.

უკვე დასრულებულია საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალს საკუთარ ქსელს უერთებს.

მოასფალტების სამუშაოები გორის მერიას და მის ხელმძღვანელს ,,ქართული ოცნებიდან" ზურაბ ჯირკველიშვილს უკავშირდება, საკანალიზაციო სამუშაოები კი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს სადგურელ და ,,რესპუბლიკელ" დავით რაზმაძეს. ახალი საბავშვო ბაღი კი საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს ილია მეტრეველს და მის მრჩეველს ირაკლი ოქრუაშვილს.

სამივე პარტია მომავალ არჩევნებზე ცალცალკე იბრძოლებს.

გუშინ, სადგურის დასახლებაში მოასფალტების სამუშაოები ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დააითვალიერა.

იმავე დღეს, გორის საკრებულოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და მრჩევლის რეკომენდაციით, სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

პროექტის მიხედვით, ახალი საბავშვო ბაღი ააიპ ტურისტულ ცენტრ ,,ტონთიოში" უნდა განთავსდეს.

რაც შეეხება ააიპ-იებს, ყველა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც გორის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მერიის შენობაში გადავა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები