ახალი ამბები
საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს გორი უმასპინძლებს
„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურის მეორე კონცერტს ამჯერად გორი უმასპინძლებს.

12 აპრილს, 19:00 საათზე, გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე წარდგებიან შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის ფესტივალის მონაწილეები - ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან მიაწოდეს.

ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის.

"საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები