ავტობუსების მოსაცდელებში განთავსებული ჯიხურები უკვე მესამე წელია
აღარ ფუნქციონირებს.
მიუხედავად ამისა, გორში მცხოვრებ მზია ოქრუაშვილს გორის მერია ქირის
თანხას, ზედ გადასახდელ საურავებით, სთხოვს.
მოთხოვნილი თანხის რაოდენობა 1000 ლარს აღემატება.
მზია ოქრუაშვილი ჯიხურს 2013 წლის დასაწყისში იყენებდა, მხოლოდ,
რამდენიმე თვით ისარგებლა და მერიას უკან დაუბრუნა.
ამჟამად წვრილმანი საქონლით გორის ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
ვაჭრობს.
მან საიჯარო ქირის შეწყვეტი მოთხოვნით 2013 წლის დასაწყისში მაშინდელ
გამგეობას (გამგებელი პაპუნა კობერიძე) მიმართა.
როგორც გაირკვა, მაშინდელმა გამგეობამ, რომლის იურისტი რევაზ
გოგიაშვილი ამჟამადაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს,
საიჯარო ქირა არ გაუუქმა.
რეზო გოგიაშვილის თქმით, საიჯარო ქირა იმ შემთხვევაში გაუქმდებოდა,
თუკი ძველი მეიჯარე სანაცვლოდ ახალ კლიენტს მიიყვანდა.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ათეულ ადამიანს შეემთხვა, რომლებმაც
გორის მუნიციპალიტეტის ქონება იქირავეს, თუმცა მალევე უკან ისე
დააუბრუნეს, რომ შემცვლელი არ წარადგინეს.
დაზარალებულთა შორის, ფეხბურთის ფედერაციის შიდა ქართლის გორის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელმაც იმ იმედით, რომ საიჯარო
ქირა ავტომატურად შეწყდებოდა, ორი წლის წინ, გამგეობას ფართი უკან
დაუბრუნა.
2015 წელს გორის მერიამ აღმოაჩინა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე
სხვადასხვა შენობის ფართი კვლავ გაქირავებულად ითვლება.
ხელშეკრულებები ისევ ძალაში რჩებოდა.
დაიწყო თანხების ათვლა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეტყობინებები
დაეგზავნათ.
შეტყობინებები იმ ხალხსაც მიუვიდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის ქონებას
იჯარით ფაქტიურად აღარ ფლობდნენ. მერიას, ბუნებრივია, თანხა არავინ
გადაუხადა. ამის შემდეგ თვითმმართველობის იურისტებმა სასამართლოს
მიმართეს.
,,რაკი ერთიანი სისტემა და თვითმმართველობის კოდექსი გამონაკლისს არ
უშვებს, მივმართეთ სასამართლოს, რომელსაც შეუძლია კონკრეტული
შემთხვევის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება" - აღნიშნავს მერიის
იურისტი თემურ მანველიშვილი.
მზია ოქრუაშვილის შემთხვევაში სასამართლომ გადასახდელი თანხა
გაანახევრა.
ხელშეკრულებაში, რომელიც გამგეობამ მზია ოქრუაშვილს 2013 წელს დაუდო,
აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მხარეები
მოქმედებენ კანონით დადგენილი წესით. კანონით კი, რომელიც სახელმწიფო
ქონების იჯარით გაცემას ეხება, ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტის
შემთხვევაში, ძველ მფლობელს ახლის მიყვანა ევალება.
,,შეიძლება ეს კონკრეტული კანონი ხელშეკრულებაში არაა მითითებული,
მაგრამ კანონის უცოდინრობა მოქალაქეს არ ათავისუფლებს
პასუხისმგბელობისგან. " - გვითხრა იურისტმა რეზო გოგიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები