ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,გადავარჩინოთ ბავშვების პროექტი" ხორციელდება
ხურვალეთის, შავშვების, სვენეთისა და სკრის საჯარო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

პრესსამსახურის ცნობით, მოსწავლეებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებსსაკუთარ თემსა თუ სკოლაში მათ მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნეს და განხორციელებისთვის მხარდაჭერა ითხოვეს.

გორის მიუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, გიორგი წვერავა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბავშვებს დახმარებას დაპირდნენ.

აღნიშნული სკოლების მოსწავლეები საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ პროექტის - „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში“ მონაწილეები არიან.

შეხვედრა პრობლემების მოგვარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ახალგაზრდული კლუბის წევრების ჩართულობითა და ორგანიზაციის ფინანსური ხელშეწყობით, ამჟამად, 6 პროექტი მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროექტების განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთვებიან.

ახალგაზრდები სპორტულ ინვენტარს მიიღებენ. ამასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, გამგეობა მზადაა მონაწილეობა მიიღოს დასუფთავების და გამწვანების აქციებშიც.

შეხვედრა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ინიციატივით პროექტის - „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში, ფაზა 3“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი BPRM-ის (მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო/ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი) დაფინანსებით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები