ახალი ამბები
გორის მერია ოქრუაშვილს პასუხობს - რამდენი დახარჯა ქალაქის მერმა მივლინებებში
„ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს დემაგოგიურ განცხადებას და იტყუება, როდესაც ამბობს, რომ გორის მერმა მივლინებისთვის 20 000 ლარი დახარჯა“ - ეს განცხადება ქალაქის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ტლაშაძის ინფორმაციით ზურაბ ჯირკველიშვილის მივლიბებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 1862 ლარი გამოიყო.

„თანხა 11-ჯერ ნაკლებია რაც ოქრუაშვილმა ივარაუდა. მას საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს“- განმარტავს ტლაშაძე.

გორის მერის სამივლინებო თანხებზე ინფორმაცია ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა საკუთარ facebook- გვერდზე გაავრცელა.

ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით ზურაბ ჯირკველიშვილმა მივლინებისთვის 20 000 ლარი დახარჯა.

ამის პარალელურად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოფიციალურად მოითხოვა მერიიდან საჯარო ინფორმაცია სამივლინებო თანხებთან დაკავშირებით, თუმცა მერიის პასუხს არ დაელოდა.

თავად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ოქრუაშვილთან ერთად დუმილი არჩიეს „ქართული პარტიის“ სხვა წევრებმაც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები