კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან ერთი კვირის წინ 88 წლის
მოხუცი გაუჩინარდა.
მოგვიანებით შეიტყვეს, რომ მოხუცი ახალგორის საავადმყოფოში
ადგილობრივი ექიმების ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა.
გაუჩინარებული მოხუცის ადგილსამყოფელი, ნათესავების მეშვეობით,
საკორინთლოში მცხოვრებმა ციალა სალამაშვილმა გაიგო.
ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ მოხუცი სოფელში შვილებთან
და შვილიშვილებთან დააბრუნეს.
,,ამჟამად, თავს კარგად გრძნობს. ფეხით სურდა თავის სოფელ ქარჩახში
ასვლა, გზაში დასველებულა და ავად გამხდარა. ახალგორის რაიონის
ტერიტორიაზე მილიციას უნახავს და საავადმყოფოში მიუყვანიათ. მისი
ოჯახის წევრებს ამჟამად არ უნდათ ვინაობის გამხელა, მაგრამ მე
მოგიყვებით." - ამბობს ციალა სალამაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრის ჟურნალისტთან საუბარში.
ვიდრე ოჯახი და სოფელი მოხუცის ადგილსამყოფელს შეიტყობდა, მანამდე
ქართულ პოლიციას შეატყობინეს.
როგორც წესი, დაკარგულ ადამიანზე ძებნა გაუჩინარებიდან სამი დღის
გასვლის შემდეგ ცხადდება.
ციალა სალამაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ახალგორში მოხუცს გაუჭირდა
იმის ახსნა, თუ საიდან იყო და სად მიდიოდა.
,,მადლობა ღმერთს, რომ გზაში სადმე არაფერი მოუვიდა და გადარჩა. ეს
კაცი წარმოშობით ქარჩახიდანაა, თავისი სოფელი მოენატრა და იქ
მიდიოდა." - ამბობს ციალა სალამაშვილი.
ახალგორის რაიონი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებული
ტერიტორიაა. ოსურმა მილიციამ მოხუცი ისე დააბრუნა საკორინთლოში, რომ
ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არ გაუსამართლებიათ.
სტატიის გამოყენების პირობები