პოლიციის თანამშრომელს ალექსანდრე რაზმაძეს პროკურატურიდან გაუგზავნეს
ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ სოფელ თელიანში მცხოვრებ
ერთ-ერთი პიროვნების სახლში აღმოჩენილი ნივთიერება ,,ეფედრინი"
ფსიქოტროპულ ნივთიერებას წარმოადგენს.
ამის შემდეგ ალექსანდრე რაზმაძემ შექმნა ოპერატიული ჯგუფი, გაემართა
დასკვნაში მითითებული მოქალაქის საცხოვრებელი ადგილისკენ და
დააკავა.
პოლიციელებმა სოფელ თელიანში მცხოვრები ახალგაზრდა იმის გამო
დააკავეს, რომ მას სახლში ფსიქოტროპული წამალი, ეფედრინი
აღმოაჩნდა.
„სამსახურში დამეწერა მასალები, სადაც იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომ
სოფელ თელიანში მცხოვრები პიროვნება, სახლში ინახავდა უკანონოდ
ნარკოტიკულ საშუალებას - ეფედრინს, ამის გამო, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დავაკავეთ“ - აღნიშნა
ინსპექტორმა რაზმაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ალექსანდრე რაზმაძემ
განაცხადა, რომ პიროვნების დაკავება და სასამართლოზე წარდგენა
პროკურორ ნათია კიკალიასთან იყო შეთანხმებული.
„ადრე მქონდა ეგ, ეტყობა სადღაც მივაგდე და აღარც მახსოვდა, თუმცა
სამართალდამრღვევად რატო ვითვლები, ეგ ხომ ნარკოტიკში არ ითვლება?
თვითონაც არ იციან, რაზე მედავებიან, მაგათ გონიათ ჩემზე ჭკვიანები
არიან, ნარკოტიკული საშუალება რომ ყოფლიყო, სახლში გავაჩერებდი?“ -
განაცხადა დაკავებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ნარკოტიკულ საშუალებათა იმ
ჩამონათვალში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეადგინა,
ეფედრინი ვერ იპოვა.
„ბატონო ინსპექტორო, ამ დასკვნაში არ წერია, რომ ეფედრინი ნარკოტიკული
საშუალებაა, აქ, როგორც ფსიქიტროპული საშუალება, ისეა მოხსენიებული და
თქვენ რის გამო დააკავეთ ეს პიროვნება? ფსიქოტროპული ნივთიერების
შეძენა შენახვის ფაქტზე ეს არ უნდა ხდებოდეს, არ წერია ეს
სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად თქვენც არ გაქვთ მისი
დაკავების უფლება“ - აღნიშნა მოსამართლე დავით პაპუაშვილმა.
„აღნიშნული საქმეს პროკურორ ნათია კიკალიასთან არის შეთანხმებული,
სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი“ - განაცხადა პოლიციელმა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.
სტატიის გამოყენების პირობები