,,ჩემს ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობ, ყოველდღე დადის პოლიციიის მანქანა,
საიდანაც ყოველდღე ხმის გამაძლიერებლით გინება მესმის“ - ამბობს გორში
ჭანტურიას ქუჩაზე მცხოვრები 46 წლის რევაზ ნოძაძე.
ამის გამო, რევაზ ნოზაძემ საკუთარ სახლის წინ გუშინ პოლიციელების
მისამართით გინება დაიწყო, რაც პატრულის ყურამდე მივიდა და იგი
ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში, სასამართლო პროცესი გაიმართა.
პატრულის მიმართ წინაღმდეგობის გაწევის მუხლით მოსამართლემ ორდღიანი
პატიმრობა შეუფარდა.
მას შემდეგ, რაც რევაზ ნოზაძემ სასამართლო პროცესზე პოლიციელების
მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ, მოჰყვა, გორის შს
სამმართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კერძოდ, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ქარელმა პროცესზე განაცხადა,
რომ დაკავებული ოჯახის წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
ეს პიროვნება სწორედ ამ პატრულის თანამშრომელმა გიორგი ქარელმა და
მისმა მეწყვილემ, რომლის გვარსა და სახელს შს სამინისტროს
პრესსამსახური არ ამხელს, დააკავეს. ისინი, სავარაუდოდ, მომდევნო
პროცესზე მოწმეების სახით გამოვლენ.
დაკავებული სასამართლოს სხდომაზე აცხადებდა, რომ ოჯახის წევრებისთვის
არანაირი შურაცხყოფა არ მიუყენებია.
რაც შეხება გინებას, აღნიშნავს, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში
ნასვამი იმყოფებოდა და იგინებოდა, მისი გინება კი სულ სხვა დაუდგენელ
პიროვნებას ეხებოდა, კერძოდ, იმ პიროვნებებს, რომლებიც პოლიციის
მანქანით დადიან მის სახლთან და იგინებიან.
„ადრე 2012 წელში დაკავებული ვიყავი, ჯერ ეგ რომ მოვყვე, დიდი
ამბავია, მაგრამ რაც გამოვედი, იმის მერე გადამეკიდა პოლიცია, თუ
რახდება, ვერ გავიგე. რამდენიმე თვის წინ ლოთობა დამაბრალეს,
დამაკავეს და წამიყვანეს თბილიში, სადღაც ათი დღე გამაჩერეს, ვითომ
უნდა მემკურნალა, მაგრამ ექიმებმა რომ გამსინჯეს და გამოკვლევები
ჩამიტარეს, აღმოჩნდა, რომ არც ლოთი ვიყავი და არც არაფერი მჭირდა და
გამომიშვეს. წინა მთავრობას დამდევდა, ნაციონალებზე სულ ვიგინებოდი
ხოლმე, მაგას ვაღიარებ, მაგრამ ეხლა რა უნდათ ჩემგან, ვერ გავიგე?
უკვე 6 თვეა ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მანქანებიდან
ყოველდღე გინება ისმის, პოლიციის უფროსია თუ ვინ არის, მე ვერ გეტყვი,
ბატონო მოსამართლევ, მაგრამ ყელში ამოუვა ადამიანს ეს ყოველდღიური
ამბავი. შებინდდება თუ არა, რომ გავიხედები, გინება ისმის. მანქანებზე
პატარა რაღაც მოწყობილობები უყენიათ, საიდანაც ხმა ისმის, ეგ მარტო
პოლიციელებს აქვთ. გუშინაც ნასვამი ვიყავი და ამის გამო ვიგინებოდი
სახლში, მერე პატრული მოვიდა და დამაკავეს“. - ამბობს რევაზ
ნოზაძე.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაკავებული სამართალდამრღვევად სცნო და
სასჯელის ზომად 2 დღე-ღამე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც
შეეხება სისხლის სამართლის საქმეს (126-ე პრიმა მუხლი, ძალადობა), ამ
მუხლით ბრალდებას პოლიცია 2 დღე-ღამეში წაუყენებს.
პიკაპიანი პოლიციელები
ოჯახურ ძალადობის საქმეში
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა იმ პოლიციელების
გვარები და სახელები მოიძიეს, რომლებიც მოქალაქეების მიმართ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით
გამოირჩევიან:
სოსო მიქია, ვაჟა ქონიაშვილი,
ამირან ნადიბაიძე, რევაზ შუბითიძე, გიორგი ტატულაშვილი, ანდრო
გურწიშვილი, ზურაბ ღვინიაშვილი... რამდენიმე პიროვნების დადგენა კვლავ
მიმდინარეობს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ის პოლიციელები იქცევენ, რომლებიც
პიკაპით მოძრაობენ.
ერთი კვირის წინ პიკაპით მოძრავი პოლიციელები მსუბუქ ავტომანქანას
დაეჯახნენ, სადაც სამხედრო ექიმები
ისხდნენ. ექიმები გადარჩნენ.
ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომამდგენლები კი, რომლებიც ოჯახური
ძალადობის საქმეებს სწავლობენ, ამბობენ, რომ
ხშირ შემთხვევაში ოჯახური ძალადობის
მაპროვოცირებლები, სწორედ, პიკაპიანი პოლიციელები არიან.
მაგალითად, საიას გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი
ერთ-ერთ შეხვედრაზე ამბობდა, რომ იმის მაგივრად, რომ პოლიციელებმა
ოჯახური ძალადობის ფაქტების პრევენცია მოახდინონ, პირიქით, ხელს
უწყობენ. კერძოდ, ერთ-ერთი შემთხვევის დროს პოლიციელმა დაკავებული
ქმრის მეუღლეს წერილების მიწერა დაუწყო. წერილის მიხედვით, პოლიციელი
დაკავებულის მეუღლეს სთხოვდა, რომ პირად დაცვად აეყვანა, რითაც
მოძალადე ქმრისგან უფრო დაცული იქნებოდა.
ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარების" წარმომადგენლის თქმით, მათ
ორგანიზაციას პოლიციელების შესახებ უფრო მეტი ცუდი ამბები აქვთ:
ჩვენ მაგაზე უარესი შემთხვევა გვქონდა... სამწუხაროდ პოლიციის
თანამშრომლები, როცა მსხვერპლი მათ მიმართავს, პირველივე წუთებიდან
იწყებენ ამ ახალგაზრდა ქალებზე "ნადირობას".
სტატიის გამოყენების პირობები