ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში ხუთსაათიანი მოლაპარაკება
დასრულდა, თუმცა ქართული მხარის მიერ დაყენებული ძირითადი მოთხოვნები
არ დაკმაყოფილდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური
დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია საოკუპაციო ხაზთან
დაკავებულების გათავისუფლების პარალელურად, ახალგორის რაიონში ორი
წლის წინ საეჭვო ვითარეებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი
განიხილეს. ასევე, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ მთავარ
საკითხად დააყენა აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის უფლების მიცემა
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ახლობლების საფლავები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
თუმცა, ცხინვალის ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის
განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხინვალი არანაირ ცვლილებას
არ გეგმავს და შესაბამისად, მხოლოდ დღემდე მოქმედი რეგულაცია იქნება
ძალაში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღდგომის დღესასწაულზე ახალგორისა
და ქარძმანის საგუშაგოების გავლით მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, ვინც შესაბამისი ე.წ. საშვების
გამოყენებით დღემდე გადაადგილდება აღნიშნულ რაიონებში.
რაც შეეხება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ორ
პირს, სანაკოევის თქმით, მათი გათავისუფლების საკითხი შესაბამისი
პროცედურების საფუძველზე სასამართლოს დასრულების შემდეგ
გაირკვევა.
ერთადერთი საკითხი, რაზეც ინციდენტების პრევენციის ფორმატში მხარეები
თანამშრომლობას ახერხებენ, საირიგაციო სისტემების ამოქმედებაა.
სარწყავი სისტემებით, როგორც ქართული, ასევე ოსური სოფლების
მოსახლეობა სარგებლობს. სარწყავი სისტემების ინფრასტრუქტურის ერთობლივ
მოწესრიგებაზე ერგნეთის შეხვედრაზე შეთანხმება დაახლოებით ორი თვის
წინ შედგა.
ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთის მორიგი 66-ე შეხვედრა 16
მაისს გაიმართება.
სტატიის გამოყენების პირობები