ახალი ამბები
რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთების თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, ივლისში დაგეგმილ რეფერენდუმის თაობაზე, ახსნა-განმარტება გააკეთა.

მომავალი რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არაღიარებული რესპუბლიკის გაერთიანებას გულისხმობს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი გასულ წლებში ჩატარებულ რამდენიმე რეფერენდუმს და მის შედეგებს იხსენებს.

პირველი რეფერენდუმი 1992 წელს ჩატარდა. კითხვაზე: ,,ეთანხმებით თუ არა სამხრეთ ოსეთის დემოუკიდებლობის გამოცხადებას", თიბილოვის თქმით, მოსახლეობის 99%--მა დადებითად გასცა პასუხი. მეორე კითხვაზე კი, ეთანხმებით თუ არა სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს 1991 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ," აქაც მოსახლეობის 99%-მა დადებითი პასუხი გასცა.

ეს ის პერიოდია, როდესაც ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები მიტოვებული ჰქონდა.

მომდევნო რეფერენდუმზე კი, რომელიც 2006 წელს ჩატარდა, დაისვა კითხვა: ,,ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობის სტატუსი და აღიარებულ იქნას საერთაშორისო საზოგადოების მიერ".

ამ რეფერენდუმის დროსაც დადებითი პასუხი მოსახლეობის 99%-მა გასცა.

თიბილოვიც თვლის, რომ 2006 წლის რეფერენდუმის შედეგები გამორიცხავს 1992 წლის რეფერენდუმის პასუხებს რუსეთთან გაერთიანების სურვილთან მიმართებაში.

,,ასეთ შემთხვევაში, ახალი რეფერენდუმის ჩატარება, რათა დადასტურეს რუსეთთან შეერთების სურვილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა, აუცილებელია" - განაცხადა თიბილოვმა. 

თიბილოვის განმარტება ცხინვალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები