მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა აგარა-ზემო ოსიაურის
საავტომობილო გზის სამუშაოები დაათვალიერეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგზაო
დეპარტამენტიდან აცნობეს.
დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის
თქმით, მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა
იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ
დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.
ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - 12
კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე
წლის ბოლოს დასრულდება.
ხოლო აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის
მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე
წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების
სამშენებლო სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და
ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“
აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი
ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.
აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება
ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.
სტატიის გამოყენების პირობები