ქალაქ გორის მერიის ვეტერანთა სამსახურში, ამჟამად, მეორე
მსოფლიო ომის მონაწილეებთაგან 14 ადამიანია რეგისტრირებული.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის
პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 14-ვე ადამიანს 9 მაისთან
დაკავშირებით 150-150 ლარი და 70 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი
გადაეცემა.
გარდა ამისა, ყოველწლიურად ვეტერანებისთვის ერთჯერადად 200 ლარი
გაიცემა.
9 მაისს გორში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნება.
დღეს დილით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე
გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ტრადიციულად
გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან მიულოცეს და ომში
დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ვეტერანების საპატივისაცემოდ გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები ღონისძიებას
მართავენ.
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა მეორე
მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად
200 ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150
ლარიან დახმარებას. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
რეგისტრირებულმა 14-მა მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ ორივე სახის
დახმარებით უკვე ისარგებლა. გარდა ამისა, ხვალ თითოეულ მათგანს გორის
მერიისგან საჩუქრად 70 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი
გადაეცემა.“ - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე
ქუთათელაძემ.
სტატიის გამოყენების პირობები