ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე სტალინის ბიუსტი დადგეს
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის კომუნისტებმა ყაბარდო-ბალყარეთის სოფელ ოზრეკში სტალინის ბიუსტი ჩაიტანეს და ადგილობრივებთან ერთად დადგეს.

სააგენტო ,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, საბჭოთა ბელადის ბიუსტის გახსნას 400-მდე ადამიანი დაესწრო და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დაამთხვიეს.

სტუმრები რუსეთის ფედერაციის ორივე რესპუბლიკის დედაქალაქიდან ჩავიდნენ.

მონუმენტის დადგმის ინიციატორი ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზელიმხან შეხინაევი იყო. 

ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სალიხ ეფენდიევი კი, ,,კავკაზსკი უზელისთან" საუბარში აცხადებს, რომ სტალინი - მათი ისტორიის უდიდესი პიროვნებაა.

სტალინის ბიუსტის დადგმა პოზიტიურად ბალყარეთის სახალხო საბჭოს წევრმა ისმაილ ხაჯიევმაც შეაფასა.

ხაჯიევის თქმით, ბალყარეთის ხალხის მიმართ განხორციელებული რეპრესიები არა თუ  სტალინის, არამედ ბერიასა და კუმეხოვის დამსახურება იყო. ზუბერ კუმეხოვი ბალყარეთის კომპარტიის პირველი მდივანი 1939-44 წწ-ში იყო.

ბიუსტის დადგმა  ,,პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მარკს შაჰმურზოვმა გააპროტესტა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ რეპრესირებულთა გრძნობების შეურაცხყოფაა.

ოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ 1944 წლის 8 მარტს ბალყარეთიდან 14 ეშელონით შუა აზიაში 37 713 ადამიანი გადაასახლეს. აქედან, 52% ბავშვი, 30% ქალი და 18% მამაკაცი იყო.

13 წლიანი გადასახლების შემდეგ, 1957 წლის 28 მარტს გადასახლებულების უკან დაბრუნება დაიწყო. მარკ შარჰმურზოვა, სწორედ, ამ რეპრესირებულთა ხსოვნის შეურაცხყოფად აფასებს ბიუსტის დადგმას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები