ახალი ამბები
თანაგუნდელის მანქანის დაწვის ფაქტზე ბრიფინგი გაიმართა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებისგან, თანაგუნდელის მანქანის დაწვის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის გორის ოფისში საგანგებლო ბრიფინგი გაიმართა.

ბადრი ბასიშვილის განცხადებით, გარკვეული ძალები პოლიტიკური პარტიისა და მათი აქტიური წევრების დაშინებას ცდილობენ.

მერსედესის მარკის ავტომანქანა ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსანდრე გოგლიძეს ეკუთვნის. გოგლიძე 2012 წლამდე შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ფაქტი გოგლიძის წარსულ საქმიანობას, ბასიშვილი აცხადებს, რომ თუ მართლაც ეს ასეა, მაშინ ქვეყანას კრიმინალი მართავს:

,,ალექსანდრე გოგლიძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა სიმშვიდეს და ებრძოდა კრიმინალს. თუ ეს ფაქტი კრიმინალებმა ჩაიდინეს, ამით ხელისუფლების უუნარობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ქვეყანას კრიმინალი მართავს" - აცხადებს ბასიშვილი.

ავტომანქანა წუხელ კომბინატის დასახლებაში დაიწვა. ალექსანდრე გოგლიძის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მოსკოვის ქუჩაზე, ახლობლის საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით დაიწო, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები