ამ წუთებში შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ
ოქრომელიძე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და
სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები სოფელ ნოსტეში იმყოფებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლები 11 მაისს ძლიერი სეტყვის შედეგად
დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან.
გუშინ ნოსტეში სეტყვა მოვიდა, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.
გოდერძი კენჭიაშვილის თქმით, სეტყვას წინ, ჯერ, ძლიერი წვიმა
უძღოდა.
,,ტალახი და სეტყვა ერთმანეთში აიზილა, ნიაღვრებმა ბაღებიც და გზებიც
წალეკა. ნათესები სეტყვის ქვეშ მოექცა და აღარც გამდნარა. თუ რამე
გადარჩა, ისიც გაყინა" - გვითხრეს ნოსტელებმა.
შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენლის გიორგი
ედიშერაშვილის თქმით, ზიანის შემსწავლელი კომისია უკვე მუშაობს, რასაც
კასპის გამგებელიც ადასტურებს.
,,ჩვენი მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - ერთაწმინდა, ნოსტე და
ორთუბანში მოხდა სტიქიური მოვლენა. მოსახლეობას მიადგა ზიანი,
შექმნილია კომისია და მისი წევრები დღესაც მუშაობს. მიმდინარეობს
ინტენსიური მუშაობა ზიანის დასათვლელად და მის აღმოსაფხვრელად" -
აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.
იხ. ამავე თემაზე:
ძლიერი
სეტყვა სოფელ ნოსტეში (VIDEO)
სტატიის გამოყენების პირობები