იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმატებით მუშაობს პროექტზე - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა
ადგილობრივ თვითმმართველობებში“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულია ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი
(მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი,
ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ბათუმი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული
სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები
მიმდინარეობს.
ამ პროექტის შესახებ, ცენტრების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე
ბიზნეს-ანალიტიკოსი ვატო
დოლიძე საუბრობს.
_ ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დანერგვამდე, როგორ
აწვდიდა მუნიციპალიტეტი თავის მომსახურებას მოსახლეობას. ელექტრონულ
ფორმატზე გადასვლამ მხოლოდ მიწოდების ფორმა შეცვალა თუ სხვა
დამატებითი შესაძლებლობებიც გააჩინა?
- ელექტრონული მმართველობის დანერგვამდე მუნიციპალიტეტი სერვისებს
გასცემდა ქაღალდზე დაფუძნებული საქმისწარმოების მეშვეობით. ეს ნიშნავს
იმას, რომ როგორც განაცხადების მიღება, ასევე საქმისმასალების
შესწავლასთან და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული
პროცესები მიმდინარეობდა ქაღალდზე. ელექტრონულ მმართველობაზე
გადასვლის შემდეგ მთლიანი პროცესი მიმდინარეობს ელექტორნულად,
სპეციალურ პროგრამაში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ დროში,
მყისიერად მოიძიონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია სხვა სახელმწიფო
უწყების ელექტრონული ბაზებიდან. მაგალითად, საქმისწარმოების
სხვადასხვა ეტაპზე, ელექტრონული სისტემის საშუალებით შესაძლებელია,
პირადი ნომრით გამოითხოვონ სამოქალაქო რეესტრიდან განმცხადებლის
პერსონალური მონაცემები, ასევე ქონების შესახებ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოდან მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია და ასე
შემდეგ.
ელექტრონულ სისტემისთვის წინასწარ არის განსაზღვრული/შემუშავებული
სხვადასხვა წესი თუ პირობა _შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში სისტემა ოპერატორს თვითონ კარნახობს ამა თუ იმ პირობებში რა
გადაწყვეტილების მიღება იქნება მართებული და რომელი არასწორი. აქედან
გამომდინარე, ოპერატორის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა
დაყვანილია მინიმუმამდე.
- ელექტრონული მმართველობის დანერგვა რა კონკრეტულ სიკეთეს
მოუტანს იმ დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს, სადაც საზოგადოებრივი
ცენტრები იხსნება?
- ელექტრონული მმართველობის დანერგვის შემდეგ, მუნიციპალიტეტს
შესაძლებლობა აქვს მუნიციპალური სერვისები გასცეს არა მარტო
გამგეობის/მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, არამედ სხვა
ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში, დაბებში). ასევე შესაძლებელია
სერვისების გასაცემად გამოყენებული იქნას საზოგადოებრივი ცენტრები,
რომელშიც განთავსებულია ასევე გამგებლის წარმომადგენლის აპარატი.
ელექტრონული მმართველობის დანერგვის შედეგად, სერვისები ხელმისაწვდომი
გახდება ელექტრონულ პორტალზე, როგორიცაა my.gov.ge და centri.gov.ge,
სადაც რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად,
ინტერნეტის გამოყენებით შეავსონ განაცხადი ან გამოითხოვონ მათთვის
სასურველი ინფორმაცია.
- უწყობს თუ არა ხელს საზოგადოებრივი ცენტრი ელექტრონული მმართველობის
დანერგვას?
- საზოგადოებრივი ცენტრები არის ინფრასტრუქტურა, სადაც ერთ ადგილას
თავმოყრილია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო სახელმწიფო თუ
კერძო სერვისები. აქვე მომავალში შესაძლებელი იქნება ადგილობრივი
(მუნიციპალური) სერვისების მიღებაც. შესაბამისად, საზოგადოებრივი
ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ახლოს მიდის
თითოეულ მოქალაქესთან, ხოლო პიროვნებას სერვისის მისაღებად აღარ უწევს
დიდი მანძილის გავლა საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის
მოსაგროვებლად.
სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ნინო კვიტაშვილი აცხადებს, რომ
საზოგადოებრივი ცენტრის დახმარებით, საქმიანობას უფრო ეფექტურად
ახორციელებს.
მას სოფლის ცენტრში მცირე სავაჭრო ობიექტი აქვს. მისი საქმიანობიდან
გამომდინარე დოკუმენტების ელექტრონულად წარმოება ჭირდება.
,,რაც ეს ცენტრი შეიქმნა, უამრავ საქმეს აქვე ვაკეთებ. ძალიან
მეხმარება მე პირადად ეს ცენტი თავისი თანამშრომლებით. ჩემთვის რა
თქმა უნდა, ხელსაყრელია მისი არსებობა» - ამბობს ნინო კვიტაშვილი.
ნუკრი მერებაშვილის ნაკვეთები სწორედ ამ საზოგადოებრივი ცენტრის
მეშვეობით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. მისი თქმით, სოფლის
მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
,,ხალხი ნაკვეთებში შრომობს, სად სცალიათ იმისათვის, რომ ნახაზებზე და
საბუთების შესადგენად გორში იარონ. მანძილის სიშორეა სწორედ რომ ბევრ
ადამიანს მიწა დაურეგისტრირებელი ჰქონდა. ახლა კი ეს ყველაფერი ჩვენ
თვალწინაა" - ამბობს ნუკრი მერებაშვილი.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი
ფუნქციონირებს. 2016 წლის ბოლომდე ეს ციფრი 40-მდე გაიზრდება.
ამ ეტაპზე ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ტყვიავში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში, ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბარალეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, წალკის
მუნიციპალიტეტში-წალკაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა უსახელოსა და ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია
შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია: www.centri.gov.ge
სტატიის გამოყენების პირობები