ახალი ამბები
კასპის ცემენტის ქარხანაში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
დამატებით 20 მლნ დოლარი კი ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნეს სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, რაც ბეტონის და ინერტული ქარხნების ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსმა” და “ჰანიველ პარტნერსმა” 120 მლნ ამერიკული დოლაროს საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის” ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.

“ჰანიველ პარტნერსის” მმართველი პარტნიორი ირაკლი რუხაძე, კი ყურადღება განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა და მოხარულია, რომ “ჰაიდელბერგთან” პარტნიორობა შედგა, რუხაძე იმედოვნებს, რომ პარტნიორობა სამივე მხარისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება.

მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.
პროექტის ფარგლებში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება კასპის ქარხანაში წარმოების ახალი ხაზის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო, ძირითადი სამუშაოების განხორციელება კი მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

“ჰაიდელბერგცემენტის კავკასუსის” საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-18 წლებში განხორციელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები