ახალი ამბები
შსს-მ ფოტოებზე გამოსახული მძღოლების ნაწილი დააჯარიმა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟის მიხედვით მძღოლების ნაწილი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

ამის შესახებ რედაქციას სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ჯარიმები მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებს არ შეეხოთ, რადგან შს მინისტრის 2005 წლის ბრძანება, სამსახურებრივი მდგომარეობის შესრულებისას, პოლიციელებს ღვედის გამოყენებას არ ავალდებულებს. 

ჩვენს კითხვაზე, არიან თუ არა ის ადამიანები პოლიციელები, რომლებიც ე.წ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომანქანით ოჯახის წევრებთან (მათ შორის შვილებთან) ერთად მგზავრობენ, პრესსამსახურში ჯერ პასუხი არ აქვთ.

ერთ-ერთ ფოტოზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ მოქალაქეს მცირეწლოვანი შვილი მანქანის წინა სავარძელში უზის.

შეგახსენებთ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი სათაურით: ,,პატრულის ჯარიმები და პრივილეგირებული მძღოლები"

ვითარება გორის ცენტრალურ გამზირზე, სტალინის ქუჩაზე ხდება, სადაც პატრულის ეკიპაჟებთან ერთად, უღვედო მოქალაქეები, განსაკუთრებით სამოქალაქო ფორმიანები, გადაადგილდებიან.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ მოთხოვნებს.
ასევე, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებს უფლება აქვთ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გადაუხვიონ საგზაო მოძრაობის ცალკეულ წესებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია როგორც სპეციალური შეფერილობის მქონე, ასევე ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანები, რომელთაც, ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე, არ აქვთ განმასხვავებელი ნიშანი. შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისი ვრცელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანებზეც." - წერია განცხადებაში.

იხ. ამ თემაზე:

ფოტო-ფაქტი: პატრულის ჯარიმები და ხელშეუხებელი მძღოლები
Print

სტატიის გამოყენების პირობები