გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1 მლნ 900 000 ლარის
ღირებულების პროექტი ჩავარდა.
ტენდერში მონაწილე 11 კომპანიიდან, სამ კომპანიას, მუნიციპალიტეტის
გამგეობის შესყიდვების სამსახურმა, დისკვალიფიკაცია რიგრიგობით
მისცა.
11 კომპანიას შორის, რომლებიც სასმელი წყლის პროექტის განხორციელების
უფლების მოპოვებისთვის იბრძოდა, ყველაზე დაბალი ფასი კომპანია
,,ვერელი +"-მა მიუთითა.
თუკი პროექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 925 ათასი ლარი იყო, ,,ვერელი
+"-მა მესამე რაუნდში 1 მლნ 394 388 ლარი მიუთითა.
,,ვერელი +" - ის დისკვალიფიკაციის შემდეგ გამგეობამ კომპანიის
,,შინაშხარჰის ფილიალი საქართველოში" საბუთები შეამოწმა.
აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად ერთი ლარით მეტი
მიუთითა, ვიდრე ,,ვერელი +"-მა.
გამგეობის შესყიდვების სამსახურმა და სატენდერო კომისიამ სომხეთში
რეგისტრირებული არც ამ კომპანიის შეთავაზება მოიწონა.
მესამე ცდაზე კომპანია ,,არჩიკოს ფილიალი საქართველოში"-ს შეთავაზება
ნახეს. არც ამ კომპანიის წინადადება აღმოჩნდა მისაღები.
მესამე კომპანიას დისკვალიფიკაცია 2016 წლის 27 აპრილს მისცეს.
ამჟამად, შესყიდვების სამსახურს ახალი ტენდერი ჯერ არ
გამოუცხადებია.
ხიდისთავის სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს
უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში, გამგეობის
ინფრასტრუქტურის სამსახური სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს
შენიშვნების გასწორებას მოუნდა.
სატენდერო სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ მშენებლ კომპანიებს
უმრავლეს შემთხვევაში ფასების გაანგარიშება არასწორად აქვთ
მითითებული. კიდევ ერთი პირობა, რაც გამარჯვებულ კომპანიას
წარსადგენად ჭირდებოდა, ბოლო ორი წლის განმვლობაში 2 მლნ ლარის
ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილების ქონა იყო.
სტატიის გამოყენების პირობები