ახალი ამბები
უფლისციხეში კარუსელი ბავშვს დაეჯახა
ისტორიულ ქალაქ უფლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე კარუსელი ბავშვს დაეჯახა.

10 წლის მოცეკვავემ მძიმე ხარისხის დაზიანება თავის არეში მიიღო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მოსწავლე, დაუყოვნებლივ, თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა ღამის საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც 21 მაისს უფლისციხეში ,,მოდი ღამე მუზეუმში" იმართებოდა.

ბავშვები კარუსელებზე ისხდნენ. ქანაობისას ერთერთი კარუსელი ბავშვს დაეჯახა.

ექიმებმა დაზარალებული მოსწავლე შოკურ მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ის ერთ-ერთი ანსამბლის მოცეკვავეა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მან ჩვენგან გაიგო.

,,სიმართლე გითხრათ, არც გამიგია ეს ამბავი. თქვენგან მესმის. ეს ღონისძიება ჩვენი მოწყობილი არ იყო. სანამ ჩვენ უფლისციხეში ვიყავით, მსგავსი არაფერი მომხდარა. დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, რომ ანსამბლ ,,მაჩაბელას" მომღერლებთან ერთად წამოვედით" - გვითხრა არსენ აზალაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ის ადგილი, სადაც კარუსელი დგას, მუზეუმიდან მოშორებით მდებარეობს.

21 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყო.

დამთვალიერებლებისთვის სრულიად უფასოდ, მუზეუმები ღამის 1 საათამდე იყო ღია - ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები