ახალი ამბები
საოლქო კომისიამ მეტეხის 22-ე უბნის შედეგები არ გააუქმა
კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მეტეხის 22-ე უბნის შედეგები ახალი ვარიანტით დაამტკიცეს.

ხმების ხელახალი დათვლისას ზედმეტი 2 ბიულეტინის აღმოჩენის ფაქტი მოცემულ სიტუაციაში დასაშვებად მიიჩნიეს.

ზედმეტი ორი ბიულეტინიდან ერთი გაბათილდა, ხოლო მეორე ალექსანდრე მერებაშვილს ჩაუთვალეს.

კომისიის წევრების ხმები 11/3-ზე გაიყო.

ხმების ხელახალი დათვლა ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე მოხდა.

საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი კი ფულად ჯარიმას ითხოვდა. საიას საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

,,ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე მერებაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მეტეხის მაჟორიტარი წარმომადგენელი გახდა.

2 მაისს სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები ჩატარდა. სოფლის წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, მეტეხელებმა ახალი წარმომადგენელი აირჩიეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს კასპის საკრებულოში გაითვალისწინებს.

მეტეხის 22-ე უბანზე ალექსანდრე მერებაშვილს 408 ხმა, ციცო აბუაშვილს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 134, ხოლო სოლომონ ტატანაშვილს (სახალხო საქართველოსთვის) 42 ხმა ერგო.

22-ე უბანზე ხმის მისაცემად 571 მოქალაქე მივიდა, სადაც 1263 ამომრჩეველი რეგისტრირებულია.

მეტეხში სულ სამი უბანი იყო გახსნილი: 22-ე; 23-ე და 37-ე უბნები.

სამივე უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს მონცემებით, ჯამში სამივე უბანზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა - 340 (26.98%); ,,სახალხო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოლომონ ტატანაშვილმა - 95 (7.54%); ხოლო ალექსანდრე მერებაშვილმა - 825 (65.48%) ხმა აიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები