ახალი ამბები
ჰოლანდიელი მართლმადიდებლები გორში
ამსტერდამის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდი გორში იმყოფებოდა.

გორის სასულიერო სემინარიაში ჰოლანდიელმა მართლმადიდებლებმა რუსული და ქართული საგალობლები შეასრულეს.

მაია ადუაშვილი, რომელიც ჰოლანდიაში ქართველი ემიგრანტია და ვიზიტს ორგანიზებას უწევდა, ამბობს, რომ მგალობელთა გუნდმა საქართველოს ბევრი ღირსშესანიშნავი ეკლესია მოინახულა და იგალობა.

საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჰოლანდიელებს მასტერკლასი ქართული საგუნდო მუსიკის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

გუნდის, რომლის სახელწოდებაა ,,ოკტოიხ", ხელმძღვანელი ალიონა ოვსიანიკოვა გვეუბნება, რომ ქართული მრავალხმიანი გალობა საკმაოდ რთული შესასრულებელია.

,,ქართულ გალობაში გესმის მრავალი ხმა, მაგრამ ის ერთი მთლიანი ნაწილია. ჰოლანდიელების სიმღერებში კი ინდივიდუალიზმი ჭარბობს." - ამბობს გუნდის ხელმძღვანელი.

ამსტერდამში ,,ოკტოიხ" დაახლოებით 50 წლის წინ შეიქმნა. ალიონა ოვსიანიკოვას თქმით, თავდაპირველად, გუნდში მხოლოდ რუსები მღეროდნენ.

,,საერთოდ ჩვენი ქვეყანა ძალიან ათეისტური ქვეყანაა. თავიდან მხოლოდ მართლმადიდებელი რუსები იყვნენ გუნდში, ამჟამად, ჩვენ გუნდში უკვე ჰოლანდიელებიც მღერიან." - ამბობს ალიონა ოვსიანიკოვა.

სტუმრებმა გორის სასულიერო სემინარიას საჩუქარი გადასცეს. სასულიერო სემინარიის ხელმძღვანელი თინიკო გვერდწითელი ამბობს, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე სემინარია თავის კედლებს საგალობლების ხმას ყოველთვის დაუთმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები