სათემოში წვეთოვანი სისტემით ბლის ბაღი გაშენდა (VIDEO)
20:05 / 25.05.2016
მარიკა ყანდორელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს საჯარო
სკოლის პედაგოგია.
პარალელურად, მეუღლესთან ერთად, ძირითად დროს, სოფლის განაპირას ატმის
და ქლიავის ბაღების მოვლას უთმობს.
ჰექტარზე ქერის ყანა დათესეს. ვიდრე მათი ორი შვილი სტუდენტი
გახდებოდა, ისინიც ეხმარებოდნენ.
,,წლების წინ როცა ჩემი მეუღლე რუსეთში მუშაობდა, სოფელში ცარიელ
ნაკვეთში ნამყენების დარგვა ჩემით გადავწყვიტე. ვიყიდე ნერგები და
დავრგე. მაშინ მერიდებოდა ამის გაკეთება, არავის ეთქვა, რა ქალის
საქმეა მუშაობაო" - ამ ისტორიას ქალბატონი მარიკა ახლა უკვე ღიმილით
იხსენებს.
ერთი წლის წინ ორგანიზაცია ,,ელკანამ" ბიზნესპროექტების იდეაზე
კონკურსი გამოაცხადა. მარიკა ყანდორელაშვილი ტრენინგებზე დადიოდა.
გარკვეული გამოცდილება მიიღო და პროექტიც დაწერა.
ამ შემთხვევაში პროექტი წვეთოვან სისტემაზე ბლის ბაღის გაშენებას
შეეხებოდა.
რატომ გადაწყვიტეთ ბალი ამ ზონის სოფელში, სადაც მხოლოდ ძლიერი ხის
ბაღები ხარობს? - ვკითხეთ ქალბატონ მარიკას.
როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვას მას ბევრი უსვამს.
,,ვიდრე ვაშლი და მსგავსი ხეხილის მოსავალი მოვა, მანამდე,
ფაქტობრივად, ბუნებისგან ნაბოძებ სიკეთეს ვერ ვიყენებთ. ბალის
გაშენებაც ამიტომ გადავწყვიტე. მისი მოსავალი უკვე ივნისში მოდის.
ახლა უკვე ალუჩის გაშენებას ვფიქრობ, რომელიც უფრო ადრე მოდის" -
გვეუბნება მარიკა ყანდორელაშვილს.
,,როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ნიადაგი შესაფერისი აღმოჩნდა იტალიური ჯიშის
ბლის ხეების გასაშენებლად. ერთადერთი რისკი, რაც შეიძლება ამ ნერგებს
გააჩნდეს, ყინვაა. იმედი გვაქვს, ჩვენი კავკასიონის ქედი ჩრდილოეთის
ამ ყინვისგან დაგვიცავს."- გვითხრა მარიკა ყანდორელაშვილის მეუღლემ
გოჩა გოჩიაშვილმა და თან ჩრდილოეთის მხარეს, კავკასიონის ქედიკენ
გაიხედა.
,,ელკანას" დახმარებით მარიკა ყანდორელაშვილმა 450 ჯიში ბლის ნერგი
2015 წელს შეიძინა. დარგეს და ერთი წლის განმავლობაში უკვე იხარა.
დღეს ამ ნაკვეთში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების
ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლებმა თავიანთი
ჯგუფის წევრები დასათვალირებლად ჩაიყვანეს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით ორგანიზაცია
ახორციელებს პროექტს ,,ქალთა და ახალგაზრდების საკუთრებაში არსებულ
აგროსაწარმოთა განვითარების ხელშეწყობას 2016".
ჯგუფის წევრებს, ქალებს და ახალგაზრდებს კონსულტაციას მეხილეობის
სპეციალისტი ზვიად ქობოსაშვილი უწევდა. მან ბლის გასხვლის
მეთოდები ადგილზე შეასწავლა.
სტატიის გამოყენების პირობები