ახალი ამბები
ხაშურში 63 დევნილს საცხოვრებელი ფართი გადაეცა
სააკაძის ქ. #2-ში დევნილებს საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცეს.

დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ახალი ფართების მფლობელები ხაშურში 63 დევნილი ოჯახი გახდა.

შენობას რეაბილიტაცია სამინისტროს დაფინანსებით ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს "სამშენებლო ტრესტი N3"-მა განახორციელა.

შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი.

ამ ეტაპზე მხოლოდ 63 ბინა განაწილდა, რაც შეეხება დარჩენილ ბინებს, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-შიც მიმდინარეობს, სადაც ბინას 111 დევნილი ოჯახი მიიღებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, ხაშურში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა გადაიჭრება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები